Thumbnail

ლეგენდარული გიტარისტი, ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული როკ ჯგუფის, Van Halen-ის თანადამფუძნებელი, ლეგენდარული გიტარისტი, ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში, ყელის კიბოთი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისმა შვილმა, ვოლფგანგმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

► ედი ვან ჰალენის 5 საუკეთესო სოლო

"ვერ ვიჯერებ, რომ ამას ვწერ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ მამაჩემმა, ედვარდ ლუდვიკ ვან ჰალენმა კიბოსთან ხანგრძლივი და რთული ბრძოლა წააგო. საუკეთესო მამა მყავდა, როგორიც მხოლოდ შეიძლება, ინატრო. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის საჩუქარი იყო. გული ისეთი გატეხილი მაქვს, რომ, ალბათ, არასდროს გამიმთელდება. ძალიან მიყვარხარ, მამა“, - დაწერა ვოლფგანგმა, რომელიც 2006 წლიდან Van Halen-ის ბასისტია.

როგორც TMZ წყაროზე დაყრდნობით წერს, გიტარისტი შარშან საავადმყოფოში მკურნალობდა და ახლახან ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაიტარა, თუმცა, მეტასტაზები უკვე ტვინსა და სხვა ორგანოებზე იყო გავრცელებული. გამოცემისვე ცნობით, ედი ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-დან გერმანიაში ჩადიოდა სხივური თერაპიის ჩასატარებლად. თავად მუსიკოსი დაავადების გამომწვევ მიზეზად სულაც არ თვლიდა იმას, რომ თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო.

"სიმსივნის მიზეზი ისაა, რომ ლითონის მედიატორებს ვიყენებდი, რომლებიც სპილენძისგან იყო დამზადებული. პირში ვიდებდი ხოლმე", - აღნიშნა თავად ვან ჰალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ მისი კოლეგები. პოპულარული როკ ჯგუფის, Kiss-ის წევრმა, ჯინ სიმონსმა დაწერა:

"ედი მხოლოდ გიტარის ღმერთი არ ყოფილა, უმშვენიერესი სულიც ჰქონდა. მშვიდად განისვენე".

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Metallica-მ ინსტაგრამის გვერდზე ედისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

"ძალიან დამწუხრებულები ვართ ედი ვან ჰალენის უდროო გარდაცვალების გამო. ის ჩვენი შთაგონების წყაროდ, კერპად და მეგობრად მიგვაჩნდა".

"ედი ვან ჰალენი იმ საუკეთესო ადამიანებს შორის იყო, რომლებთანაც ოდესმე მიმუშავია. ერთად ბევრს ვიცინოდით ხოლმე. მისი გავლენა მუსიკასა და გიტარისტებზე განუზომელია. ნამდვილი ლეგენდა იყო. ედი, ჩემო მეგობარო, სხვა სამყაროში შევხვდებით, მიყვარხარ, ოზი", - დაწერა ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა სოციალურ ქსელში.

"მშვიდად განისვენე", - აღნიშნავს ლეგენდარული როკ ჯგუფის Guns N' Roses გიტარისტი, სლეში.

View this post on Instagram

RIP #EddieVanHalen

A post shared by Slash (@slash) on

ედი ვან ჰალენმა როკ კოლექტივი Van Halen 1972 წელს კალიფორნიის ქალაქ პასადენაში ჩამოაყალიბა თავის ძმასთან, ალექსთან, მაიკლ ენტონისა და დევიდ ლი როსთან ერთად. ედი კოლექტივის სადებიუტო ალბომის Van Halen სიმღერების უმრავლესობის ავტორია. სწორედ ამ ნამუშევარშია წარმოდგენილი მისი ცნობილი ინსტრუმენტალი Eruption, რომელიც დღემდე გიტარაზე ვირტუოზული შესრულების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად რჩება. ჰალენი ჯგუფის ისეთი ჰიტების ავტორთა შორის არის, როგორებიცაა: Runnin' with the Devil, Unchained, Hot for Teacher, Panama და Jump.

აღსანიშნავია, რომ ედი ლეგენდარული მუსიკოსის, მაილ ჯექსონის კომპოზიციაში Beat It გიტარის სოლოსაც ასრულებს.

► ედი ვან ჰალენის 5 საუკეთესო სოლო

გიტარისტი ორმაგი თეფინგის ტექნიკით არის ცნობილი, რომლის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 2007 წელს მისი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, თავად ედი კი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად არის აღიარებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული