Thumbnail

ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის რჩეული სიმღერები Queen-ის შემოქმედებიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის წევრებმა, ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა, ბენდის საკონცერტო ფრონტმენ ადამ ლამბერტთან ერთად, ლაივ ალბომის Live Around The World პრომოუშენის ფარგლებში, იუთუბზე პირდაპირი ჩართვის საშუალებით თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხეს.

როჯერ ტეილორი: ფრედი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჯონ დიკონი ჯგუფს მაინც დატოვებდა

კითხვას, დაესახელებინათ რჩეული კომპოზიცია თავიანთი კოლექტივის შემოქმედებიდან, როჯერ ტეილორმა უპასუხა:

"ძალიან რთულია. პირველ რიგში, თავში Bohemian Rhapsody მომდის, ასევე, Under Pressure. სიმღერა Somebody To Love აგრეთვე ძალიან კარგი ნამუშევარია".

ადამ ლამბერტი: "ჩემთვის ფავორიტი სიმღერის ამორჩევა რთულია. განწყობას გააჩნია".

ბრაიან მეიმ კი ბენდის მდიდარი შემოქმედებიდან ფრედი მერკურის მიერ შექმნილი კომპოზიცია The Miracle გამოარჩია.

"მე დაგისახელებთ სიმღერას, რომელიც ბევრმა არ იცის. მას The Miracle ჰქვია, რომელიც ფრედიმ დაწერა და რომელსაც, ვფიქრობ, აქვს უცნაური, უნიკალური მაგია. გასათვალისწინებელია, რომ ფრედიმ ის სწორედ მაშინ შექმნა, როდესაც უკვე ძალიან რთული იყო მისთვის, ოპტიმიზმით ეყურებინა ცხოვრებისთვის. ეს კომპოზიცია, უბრალოდ, მშვენიერია", - აღნიშნა მეიმ.

The Miracle "ქუინის" 1989 წლის ალბომის Queen სინგლია. ცნობილია, რომ სიმღერაზე ფრედისთან ერთად ჯონ დიკონმა იმუშავა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული