Thumbnail

რიანას ისლამის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ისლამური სარწმუნოების შეურაცხყოფაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც ქალის თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty ახალი კოლექციის ჩვენებაზე ლონდონში მოღვაწე პროდიუსერის, Coucou Chloe-ს კომპოზიცია Doom გაუშვა, რომელშიც ისლამური ჰადისია გამოყენებული. მუსლიმურ სარწმუნოებაში ასე მოიხსენიება გადმოცემები, რომლებიც მუჰამედის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ტრეკში განკითხვის დღესა და სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული გადმოცემის აუდიოჩანაწერი ისმის.

ნახეთ: კადრები რიანას Savage X Fenty-ს შოუდან

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები რიანას Savage X Fenty-ს შოუს წითელ ხალიჩაზე

მას შემდეგ, რაც ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩვენების აღნიშნული მონაკვეთი გაავრცელა და განმარტა, თუ რას საუბრობდნენ ტრეკში არაბულ ენაზე, არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება. მათ რირისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

"რიანამ თავისი შოუსთვის მუსიკა გამოიყენა, რომელშიც ჰადისის ტექსტებია ჩაწერილი. ეს ძალიან უპატივცემულო საქციელია, რომლისთვისაც ბოდიში უნდა მოიხადოს. ბიბლიის ტექსტი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიო შეიძვრებოდა".

"ასე მგონია, ისლამოფობია იმდენად მიიჩნევა ნორმად, რომ ადამიანები აქეთ გვადანაშაულებენ სიტუაციის დრამატიზებაში იმისთვის, რომ ჩვენი რელიგიის უპატივცემულობის გამო ვბრაზდებით. ჰადისი მუჰამედის წმინდა სიტყვებს მოიცავს, რომლებმაც მუსლიმებს გზა უნდა უჩვენოს. რიანას ეს არ უნდა ესწავლებოდეს".

"რიანა, ეს რა საქციელია? მაინც რაზე ფიქრობ, როცა ჰადისს შეურაცხყოფ? მუსლიმები მართლა ძალიან გაგვაბრაზე. ყურანი და ჰადისი მუსლიმების სახელმძღვანელოებია, ჯანდაბა, როგორ შეგეძლო ასე მოქცევა?".

"ძალიან გამაღიზიანებელია, რომ რიანამ და მისმა გუნდმა ჰიჯაბიანი გოგონა გადაიღეს "ფენტის" კოსმეტიკის ხაზის რეკლამაში, მაგრამ დრო არ დაუთმეს იმას, რომ მეტად გაცნობოდნენ მის რელიგიას", - წერენ ტვიტერზე.

მუსიკოსი მომხდარს ინსტაგრამის სთორის საშუალებით გამოეხმაურა და მუსლიმებს ბოდიში მოუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო მუსლიმ ხალხს იმ წინდაუხედაობაზე მითითებისთვის, რომლითაც ჩვენს შოუზე უნებლიე შეურაცხყოფა მოგაყენეთ. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ამ გულუბრყვილო, თუმცა, დაუდევარი შეცდომისთვის. ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს მივაყენეთ ტკივილი. ამას უზომოდ განვიცდი. ღმერთისა თუ ნებისმიერი რელიგიის მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა აზრადაც არ მომსვლია. ამიტომაც, ამ სიმღერის გამოყენება ჩვენს პროექტში სრულ უპასუხისმგებლობად მიმაჩნია. სამომავლოდ დიდ ყურადღებას გამოვიჩენთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. მადლობა პატიებისა და გაგებისთვის. თქვენი რი", - წერს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ რიანამ მუსლიმთა გაღიზიანება 2013 წელსაც დაიმსახურა. მსოფლიო ტურნეს Diamonds World Tour მიმდინარეობისას, აბუ დაბიში მომღერალს შეიხ ზაიდის მეჩეთი დაატოვებინეს, რადგანაც ის ადგილზე "შეუფერებელ" ფოტოებს იღებდა. სურათები რირიმ ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული