Thumbnail

ფოტოგალერეა: ფრედი მერკურის უკანასკნელი საჯარო გამოჩენა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური პუბლიკის წინაშე უკანასკნელად 1990 წლის 18 თებერვალს ლონდონში, Brit Awards-ის ცერემონიაზე გამოჩნდა, როცა კოლექტივის დანარჩენ წევრებთან ერთად სპეციალური ჯილდო მიიღო მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მაშინ მედიაში უკვე აქტიურად იწერებოდა, რომ მას შესაძლოა, შიდსი ჰქონოდა, რასაც თავად მუსიკოსი არ ადასტურებდა. როგორც გამოცემა Mirror წერს, იმ დღეს ღია ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, გამხდარი და უჩვეულოდ უენერგიო ფრედის დანახვა საზოგადოებისთვის ერთგვარი მტკიცებულება აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმე იყო.

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი ფოტოები

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი დამშვიდობება თაყვანისმცემლებთან

როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ფრედი დაჯილდოების დასრულების შემდეგ წვეულებაზეც გაემართა. იმ დღეს მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები ისეთმა მუსიკოსებმა გადაიღეს, როგორებიც არიან: დევიდ გილმორი, როდ სტიუარტი, ჯორჯ მაიკლი და ლაიზა მინელი.

ინსტაგრამის გვერდმა @freddie_mrcry გავრცელებულ წვეულების ფოტოებს ბრაიან მეის ციტატა დაურთო, რომელშიც მუსიკოსი ფრედის დიაგნოზთან დაკავშირებით ამბობს:

"დიდი ხნის განმავლობაში ჩვენც არაფერი ვიცოდით, ზუსტად რა სჭირდა მას. ამაზე არასდროს გვისაუბრია, დაუწერელი კანონივით იყო, რომ ეს თემა არ უნდა განგვეხილა, რადგან ფრედის არ სურდა. მან, უბრალოდ, გვითხრა, რომ ტურნეების გამართვას აღარ აპირებდა. ბოლო წლის განმავლობაში ნელ-ნელა ცხადი გახდა, რაში იყო საქმე, თუმცა, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყოდით".

ფრედი მერკური სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კომპოზიციებზე, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ძირითად დროს სახლში ატარებდა უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. შემსრულებელი უკანასკნელი საჯარო გამოსვლიდან წელიწადისა და ცხრა თვის შემდეგ, 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით. მან სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გაამხილა საკუთარი დიაგნოზი.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული