Thumbnail

ჯეიმს ბონდზე ფილმებისთვის ჩაწერილი 10 საუკეთესო კომპოზიცია

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი, ჯეიმს ბონდი ეკრანებზე პირველად 1962 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, აგენტ 007-ის თავგადასავლების შესახებ 25 მხატვრული ფილმია გადაღებული, რომელთაგან თითოეულს ორიგინალური მუსიკალური თემა ახლავს. ეს კომპოზიციები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და არცთუ იშვიათად, მათი სახით საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებთან გვაქვს საქმე.

ნახე სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ ბონდიანისთვის შექმნილ ათ საუკეთესო კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

10. John Barry Orchestra - James Bond Theme

კინომუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ცნობადი მელოდია ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ პირველივე ფილმში ჟღერს. კომპოზიტორ მონტი ნორმანის მიერ სურათისთვის Dr. No დაწერილმა თემამ, რომელიც ამა თუ იმ ვარიაციით ბრიტანელი ჯაშუშისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა სურათშია გამოყენებული, ავტორის საბანკო ანგარიშს 485 ათასი გირვანქა სტერლინგი შემატა. სწორედ ამ ნაწარმოებმა დაამკვიდრა ის სტანდარტი, რომელიც აგენტ 007-ის შესახებ ფილმების საუნდტრეკზე მომუშავე მუსიკოსებისთვის დღემდე ეტალონად რჩება.

9. Nancy Sinatra - You Only Live Twice

ინგლისელმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა, ჯონ ბარიმ სხვადასხვა დროს ჯეიმს ბონდზე გადაღებული 11 ფილმისთვის შექმნა საუნდტრეკი. ამ ჩანაწერებიდან განსაკუთრებული პოპულარობა სურათისთვის You Only Live Twice დაწერილმა ამავე სახელწოდების სიმღერამ მოიპოვა. ამერიკელი მუსიკოსის, ნენსი სინატრას მიერ შესრულებული კომპოზიციის წამყვანი მელოდია ათობით სემპლისა თუ რემიქსის წყაროდ იქცა. მასზე ქავერი სხვადასხვა დროს ისეთმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან ბიორკი, მარკ ლანეგანი, Coldplay, Soft Cell და სხვა.

8. Tom Jones - Thunderball

უელსელი არტისტის, ტომ ჯონსის დახვეწილი ბარიტონი და შესრულების ელეგანტური მანერა ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს იმდენად უხდება, უცნაურიც იქნებოდა, სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში მისთვის სერიის ამა თუ იმ ნაწილის საუნდტრეკზე მუშაობა არავის შეეთავაზებინა. ლეგენდარულმა მომღერალმა აგენტ 007-ზე შექმნილი სურათისთვის Thunderball წამყვანი მუსიკალური თემა 1965 წელს ჩაწერა, ფინალური ნოტის აღებისას კი, მისი თქმით, ისე დაიძაბა, რომ კინაღამ გონება დაკარგა.

7. Garbage - The World Is Not Enough

1999 წელს შექმნილი სურათის The World Is Not Enough კომპოზიტორს, დევიდ არნოლდს თავის ნამუშევარში თან იმ პერიოდისთვის აქტუალური, ელექტრონული მუსიკის ელემენტების გამოყენება სურდა, თანაც სერიისთვის ტრადიციული, რეტრო ჟღერადობის შენარჩუნება. ამერიკულ-შოტლანდიურმა კოლექტივმა Garbage ამ ამოცანას იდეალურად გაართვა თავი. კამერული პოპის, ალტერნატივისა და ტრიპ ჰოპის შექმნილი კომპოზიციაა, რომელსაც ერთსა და იმავე დროს ვინტაჟური და თანამედროვე ელფერი დაჰკრავს, ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებისთვის დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო საუნდტრეკია.

6. Madonna - Die Another Day

ჯეიმს ბონდის თავგადასავლების შესახებ გადაღებული მე-20 ფილმისთვის Die Another Day ამავე სახელწოდების მუსიკალური თემა თვით პოპის დედოფალმა, მადონამ ჩაწერა, რომელიც სურათში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლსაც ასრულებს. ეს ნამუშევარი აქ წარმოდგენილ სხვა კომპოზიციებს ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა ამერიკელი პოპვარსკვლავის განუმეორებელი ქარიზმა და ეპატაჟურობა სურათის ესთეტიკასთან ისეთ თანხვედრაში აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენს სიაში მისთვის ადგილი მაინც დაგვეთმო.

5. Duran Duran - A View to Kill

ბრიტანული კოლექტივის მიერ შექმნილი, სინთპოპისა და ნიუ ვეივის ელემენტებით სავსე ამ კომპოზიციაში აგენტ 007-ზე ფილმების მუსიკალური თემებისთვის ტრადიციულ ჟღერადობას ვერსად შეხვდებით, თუმცა მასში ბონდიანისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო მაინც შენარჩუნებულია. ეს დიდწილად ნამუშევრის თანაავტორის, ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჯონ ბარის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჯგუფმა Duran Duran კოაჩელას ფესტივალზე ამ სიმღერის შესრულება სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა.

4. Adele - Skyfall

ინგლისელი შემსრულებლის მიერ ფილმისთვის Skyfall ჩაწერილი ამავე სახელწოდების სიმღერა სერიის ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. ნამუშევარმა ათობით ჯილდოსთან ერთად საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის კატეგორიაში, როგორც ოსკარი, ასევე ოქროს გლობუსი დაიმსახურა. ვინტაჟურ ესთეტიკაში გადაწყვეტილი ჟღერადობის, ჩამთრევი მელოდიისა და არტისტის მიერ გამოვლენილი ბრწყინვალე ვოკალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, კომპოზიცია ასეთ აღიარებას ნამდვილად იმსახურებდა.

3. Paul McCartney & Wings - Live and Let Die

ბონდიანას მე-8 ნაწილისთვის საუნდტრეკის შექმნა ავტორებმა ბრიტანელ კომპოზიტორსა და დირიჟორს, ლეგენდარული "ბითლზის" პროდიუსერობით ცნობილ ჯორჯ მარტინს მიანდეს. ამ უკანასკნელმა კი წამყვან თემაზე სამუშაოდ პოლ მაკკარტნი მოიწვია, რაც ლივერპულური ოთხეულის დაშლიდან სამი წლის შემდეგ მათი თანამშრომლობის პირველი შემთხვევა გახლდათ. სახელოვანი დუეტის მიერ ჩაწერილმა კომპოზიციამ Live and Let Die ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა და საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზეც იყო ნომინირებული.

2. Billie Eilish - No Time to Die

ეკრანებზე ჯერჯერობით არ გამოსული სურათის No Time to Die ტრეილერი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება. ბილი აილიშისა და მისი ძმის, ფინეასის მიერ ეპოქალურ კინოკომპოზიტორ ჰანს ციმერთან და საკულტო როკ ჯგუფის, The Smiths-ის გიტარისტთან, ჯონი მართან თანამშრომლობით შექმნილ კომპოზიციაზე კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი თემაა. სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაწერილი, დრამატიზმით აღსავსე ტრეკი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის შემოქმედებაში გამორჩეულად შთამბეჭდავი ნამუშევარია.

1. Shirley Bassey - Diamonds Are Forever

ცნობილმა უელსელმა შემსრულებელმა, შირლი ბესიმ სხვადასხვა დროს მუსიკალური თემა აგენტ 007-ზე გადაღებული სამი ფილმისთვის - "გოლდფინგერი", "ალმასები სამუდამოდ" და "მთვარეზე მრბოლელი" ჩაწერა. ამ შესანიშნავ კომპოზიციებს შორის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა მათ შორის რიგით მეორე, კლასიკად ქცეული Diamonds Are Forever ჩვენი სიაში მოსახვედრად ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. 1973 წელს შექმნილი, ცნობილი არტისტების მიერ უამრავჯერ გადასემპლილი თუ გადამღერებული ნამუშევარი დღემდე გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული