Thumbnail

სასამართლოს დადგენილებით, Dr. Dre ცოლს თვეში $2 მილიონს არ გადაუხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის სასამართლომ არ დააკმაყოფილა გავლენიანი კალიფორნიელი მუსიკოსის, დოქტორ დრეს ცოლის, ნიკოლ იანგის მოთხოვნა, რომელიც არტისტის მიერ ქალის ფინანსურ უზრუნველყოფას ეხებოდა. თავდაპირველად ნიკოლი დრესგან განქორწინების პროცესის დასრულებამდე ყოველთვიური დახმარების სახით 2 მილიონამდე დოლარს ითხოვდა, თუმცა, როგორც გამოცემა TMZ წერს, მისმა ადვოკატებმა 1 ოქტომბერს მოსამართლეს განუცხადეს, რომ ქალს მოკვლით ემუქრებიან, რის გამოც მის ქმარს დაცვის მომსახურებისა და სხვა ხარჯებისთვის ყოველთვიურად 1,5 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

Dr. Dre-ს პასუხი ცოლს, რომელიც მისგან თვეში $2 მილიონს ითხოვს

"ნიკოლის ადვოკატები ამ დილით სასამართლოში იმყოფებოდნენ და მოსამართლეს განუცხადეს, რომ ქალს უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად 1,5 მილიონი დოლარი სჭირდებოდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ. ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ნიკოლის სხვა ხარჯებსაც", - წერს TMZ.

გამოცემისვე ცნობით, მოსამართლემ შუამდგომლობა იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ ქალმა საკუთარი სურვილით დაითხოვა დაცვა, რომელიც დრეს მისთვის ჰყავდა დაქირავებული. ამის მიზეზად კი ასახელებდა, რომ მუსიკოსი ძალიან გავლენიანი იყო და ერჩივნა, თავად გადაეწყვიტა, ვის ანდობდა საკუთარ უსაფრთხოებას.

"ნიკოლი ამბობს, რომ დოქტორ დრე დაცვის თანამშრომლებს დათხოვნით ემუქრებოდა, თუ ისინი მის ბრძანებებს არ დაემორჩილებოდნენ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკოლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დრეს ადვოკატმა, ლაურა ვასერმა მას განუცხადა, რომ მუსიკოსი მზად იყო, განქორწინების პროცესის დასრულებამდე კვლავ მას დაეფარა ცოლის ყველა ხარჯი, მათ შორის ხელახლა დაექირავებინა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. მოსამართლემ დაადგინა, რომ ნიკოლს შეუძლია, თავად შეარჩიოს დაცვის კომპანია, თუმცა, ეს მომსახურება იმაზე მეტი არ უნდა ჯდებოდეს, ვიდრე დრე მანამდე იხდიდა", - ნათქვამია TMZ-ის სტატიაში.

მოსამართლის დადგენილებით, თუ ნიკოლი ჩათვლის, რომ ქმარი მის გაკონტროლებას ცდილობს, შეუძლია, სასამართლოს შემაკავებელი ორდერი გამოაწერინოს. კიდევ ერთი სხდომა იანვარშია ჩანიშნული, რომელზეც დრეს მიერ ნიკოლის ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით ერთჯერადად 5 მილიონი დოლარის გადახდის საკითხი უნდა გადაწყდეს. ქალის იურისტებმა მოსამართლეს პროცესის ამ თვეში გადმოტანის თხოვნით მიმართეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს.

წყვილი 24 წელია, ქორწინებაშია. მათ ორი საერთო შვილი, 19 წლის გოგონა Truly და 23 წლის ვაჟი Truice ჰყავთ. სწორედ მათი ქორწინების შემდეგ ჩაება წარმატებული მუსიკოსი ტექნოლოგიების ბიზნესში და ბრენდი Beats Electronics დააარსა, რომელიც მუსიკალურ აქსესუარებს Beats By Dre აწარმოებს. 2014 წელს კომპანია 3 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. ბიზნესგამოცემა Forbes-ის მონაცემებით, რეპერის აქტივები $800 მილიონად არის შეფასებული.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული