Thumbnail

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის Savage Mode II პრომოუშენის ფარგლებში ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, ბიგ ბენქისა და დიჯეი სქრიმის გადაცემას Big Facts ესტუმრა. შოუს წამყვანებთან დიალოგში სამხრეთელმა რეპერმა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის საემიგრაციო სამსახურის მიერ მის დაკავებასა და გავლენიანი ნიუ იორკელი კოლეგის, ჯეი ზის დახმარების შესახებ ისაუბრა.

21 Savage: Jay-Z ყველა დროის საუკეთესო რეპერია

მოუსმინეთ: 21 Savage და Metro Boomin ალბომს Savage Mode II ავრცელებენ

"საპატიმროს დატოვების შემდეგ ჯეი ზის სახლისკენ გავემგზავრე, ბიონსეც იქ დამხვდა. ჯეი ჩვეულებრივი ადამიანია. მინდოდა, მისთვის მადლობა გადამეხადა. გათავისუფლებისთანავე მესიჯი გავუგზავნე - ვპირდებოდი, რომ ვალს აუცილებლად დავუბრუნებდი. მან კი მიპასუხა, შენგან ფული არ მჭირდება, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო. ამიტომაც, მასთან წავედი და პირადად გადავუხადე მადლობა. ის არ იყო ვალდებული, რომ ჩემთვის ეს გაეკეთებინა", - განაცხადა სევიჯმა.

შეგახსენებთ, რომ არტისტი 2019 წლის თებერვლის დასაწყისში საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. როგორც გაირკვა, სევიჯი ბრიტანეთის მოქალაქეა, მშობლების დაშორების შემდეგ, 7 წლის ასაკიდან კი ატლანტაში ცხოვრობს. ბრალდებულს ადვოკატი სწორედ ჯეი ზიმ დაუქირავა და მალევე სასამართლომ რეპერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ნახეთ: 21 Savage გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სევიჯმა დამატებით აღნიშნა, რომ მისი საკითხი საემიგრაციო სამსახურს კვლავაც არ გადაუწყვეტია და ადვოკატები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.

"ვფიქრობ, ჩემი დეპორტაცია არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც წავალ, ქონებასაც გავიყოლებ. ბრიტანეთში არაერთი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდები", - განაცხადა რეპერმა.

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია ორ კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული