Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ძალიან მეტკინებოდა გული, ჯონთან შერიგება რომ ვერ მომესწრო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

9 ოქტომბერს ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოს ჯონ ლენონს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რადიოსადგურმა BBC Radio 2 აუდიოინტერვიუების სერია მოამზადა, რომელიც ეთერში 3 და 4 ოქტომბერს გავა. პროექტის ფარგლებში არტისტის უმცროსი შვილი, შონი თავის ნახევარძმას, ჯულიენს, ასევე, ელტონ ჯონსა და პოლ მაკკარტნის გაესაუბრება. ამ უკანასკნელთან ჩაწერილი ინტერვიუდან მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც პოლი ამბობს, რომ გული ძალიან ეტკინებოდა, სიკვდილამდე ჯონთან ურთიერთობა რომ ვერ აღედგინა.

პოლ მაკკარტნი: ჯონი ხვდებოდა, სიმღერით How Do You Sleep? როგორ ტკივილს მომაყენებდა

პოლ მაკკარტნი: ახლაც - როდესაც ახალ სიმღერას ვქმნი, ვფიქრობ, ჯონი როგორ შეაფასებდა

"არაერთხელ მითქვამს, რომ მთელი იმ უთანხმოების, დაპირისპირებისა და ტალახის სროლის მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რომ მამაშენთან ურთიერთობა აღვადგინე. ნამდვილად ძალიან, ძალიან მეტკინებოდა გული, რომ შერიგება ვერ მოგვესწრო. ეს ისეთი საყვარელი მომენტი იყო, რომ მახსენდება, დიდ ძალას მაძლევს", - მიმართა პოლმა შონს.

The Beatles-ის არსებობის ბოლო წლებში ჯონ ლენონსა და პოლ მაკკარტნის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კოლექტივის დაშლის შემდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ლენონმა მიიჩნია, რომ მაკკარტნი 1971 წლის ალბომში Ram შესულ კომპოზიციებში Too Many People და 3 Legs მასა და მის ცოლს, იოკო ონოს აკრიტიკებდა, პოლს პასუხი სიმღერაში How Do You Sleep? გასცა - მის პოპულარობას დროებითი, მუსიკას კი მოსაბეზრებელი უწოდა.

შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი პოლმა გადადგა, როცა 1974 წელს ჯონს ლოს ანჯელესში, სტუდია Burbank Studios-ში მოულოდნელად ეწვია. მუსიკოსებმა ამ პერიოდში იმუშავეს ჩანაწერზე A Toot and a Snore in '74. ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ერთადერთი სესიაა, რომელშიც ჯონმა და პოლმა "ბითლზის" დაშლის შემდეგ ერთად მიიღეს მონაწილეობა.

პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები 1960-70 წლებში იყვნენ. მათ მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. არტისტებმა 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი კომპოზიცია გამოუშვეს, მათ შორის აღსანიშნავია Yesterday, Eleanor Rigby, Come Together, Hey Jude, All You Need Is Love და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული