Thumbnail

ნახეთ: გიტარა, რომელზეც იან კერტისი Joy Division-ის კლიპში უკრავს, იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

საკულტო მანჩესტერული პოსტ პანკ ბენდის, Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის Vox Phantom-ის მოდელის გიტარა, რომლითაც ის ჯგუფის ჰიტის Love Will Tear Us Apart კლიპში უკრავდა, ლონდონში, Bonhams-ის აუქციონზე 13 ოქტომბერს გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ ინსტრუმენტში 60 000-დან 80 000 გირვანქა სტერლინგამდე გადაიხდიან.

Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის საფლავი დააზიანეს

გიტარა 2002 წელს იან კერტისის შვილს, ნატალის Joy Division-ის ყოფილმა გიტარისტმა და კლავიშისტმა, ბერნარდ სამნერმა აჩუქა, რომელიც ინსტრუმენტს იანის გარდაცვალების შემდეგ იყენებდა. თავის დროზე ამ გიტარას ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონი მარიც ფლობდა, რომელთან ერთადაც სამნერს 1988 წელს ჯგუფი Electronic ჰქონდა ჩამოყალიბებული. ინსტრუმენტის შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ გიტარა თავდაპირველად 1979 წლის სექტემბერში Joy Division-ის მენეჯერმა, რობ გრეტონმა შეიძინა.

კომპოზიციის Love Will Tear Us Apart კლიპი კერტისის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს. ვიდეორგოლი მუსიკოსის თვითმკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ გავრცელდა.

იენმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Joy Division-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც გარდაცვალებამდე ორი სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. არტისტი ეპილეფსიის ქრონიკული შეტევებითა და ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც ბენდის პირველი ამერიკული ტურნეს დაწყებამდე ერთი დღით ადრე თავი მოიკლა. ამის შემდეგ მისი კრემაცია მოხდა. ფერფლი ინგლისში, Macclesfield-ის სასაფლაოზე განათავსეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული