Thumbnail

მერაია ქერი თავის მემუარებში იხსენებს, რა ეწყინა ჯენიფერ ლოპესისგან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ მემუარები The Meaning of Mariah Carey ჩაუშვა გაყიდვაში. ავტობიოგრაფიული ნამუშევრის ერთ-ერთ თავში ის ამხელს, რატომ იყო ნაწყენი მომღერალ ჯენიფერ ლოპესზე. აღსანიშნავია, რომ მედიაში წლების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა არტისტებს შორის არცთუ ისე კარგ დამოკიდებულებაზე, თუმცა, საჯაროდ ამის შესახებ არცერთს უსაუბრია. ამჯერადაც მერაია ჯეილოს წიგნში მინიშნებით ახსენებს.

მერაია ქერიმ გაამხილა, რომ 1995 წელს გრანჟ ალბომზე იმუშავა

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მერაია თავის ქმარს, Sony Music Entertainment-ის გენერალურ დირექტორს, ტომი მოტოლას დაშორდა და ლეიბლიც დატოვა. მუსიკოსი წერს, რომ მიტოვების გამო გაბრაზებულმა ტომმა მოკავშირეებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ ქერის კარიერული ზრდა შეეფერხებინა, მათ შორის ხელი შეეშალა 2001 წელს გამოსული ფილმის Glitter წარმატებისთვის, რომელშიც მერაია მონაწილეობს.

"მესმის, რომ Glitter-ს ოსკარზე ისედაც არ წარადგენდნენ, მაგრამ ამ ფილმს ის სიძულვილი ნამდვილად არ დაუმსახურებია, რაც მიიღო. ბევრი რამ, რაც ისე არ აეწყო, როგორც საჭირო იყო, ტომის უკავშირდება. გაბრაზდა, რომ გავშორდი და Sony-დან წამოვედი. ამიტომ მთელი თავისი გავლენები გამოიყენა ჩემს დასასჯელად. წყობიდან გამოვიდა, რომ ჩემზე მანიპულირების ყველა გზა გადავუჭერი. არ აპირებდა ჩემი და ამ ფილმის წარმატება დაეშვა. ისიც კი მოახერხა, საუნდტრეკის Loverboy წარმატებისთვის შეეშალა ხელი.

თავიდანვე მინდოდა, ამ კომპოზიციაში იაპონური ელექტრონული ჯგუფის, Yellow Magic Orchestra-ს ტრეკიდან Firecracker სემპლი გამომეყენებინა. ეს Sony-ს ხელმძღვანელობამ შეიტყო. მას შემდეგ, რაც ჩემი ახალი სიმღერა მოისმინეს, ლეიბლის ერთ-ერთ არტისტს (რომლის შესახებაც არაფერი ვიცი) სასწრაფოდ ჩააწერინეს სინგლი იმავე სემპლის გამოყენებით და მანამ გაავრცელეს, სანამ ჩემი ნამუშევარი გამოვიდოდა. ყველა ამ საზიზღრობის მიუხედავად, Loverboy იმ წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა შტატებში. ეს იმას ამტკიცებს, რომ ნამდვილი ვარ", - წერს მუსიკოსი.

წიგნში მერაია ჯენიფერ ლოპესის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში J.Lo შესულ სიმღერას I'm Real გულისხმობს, რომელშიც Yellow Magic Orchestra-ს ტრეკის Firecracker ინსტრუმენტალია გამოყენებული. მოგვიანებით ჯეილომ სიმღერის რემიქსი გაავრცელა რეპერ Ja Rule-ს მონაწილეობით.

"მე და ჯა რული ერთობლივ ჩანაწერზე ვმუშაობდით, მანამ ტომმა მის მენეჯერს, Irv Gotti-ს არ დაურეკა და სთხოვა, ჯა რულს დუეტი სხვა ქალ შემსრულებელთან ჩაეწერა - იძულებული გამხადეს, სიმღერა სასწრაფოდ გადამეკეთებინა", - იხსენებს მერაია.

სიმღერის I'm Real ორიგინალი ვერსია მერაიას სინგლის გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2001 წლის 4 სექტემბერს გავრცელდა და ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიციაც დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქერიმ თავის წიგნში სიტყვების "რომლის შესახებაც არაფერი ვიცი", ხაზგასმით სწორედ ჯენიფერზე მიანიშნა, რადგანაც წარსულში ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა ჯეილოს შესახებ, მან უპასუხა - "არ ვიცი, ვინ არის ის".

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული