Thumbnail

ჰოი, მუზავ, მომასმენინე ხმები, რომელიც არავის კაცთაგან ჩვენს დრომდე არასოდეს მოუსმენია.

ჩვენი პლანეტა სავსეა ხმებით: ფრინველები, ცხოველები, მანქანები, მშენებლობა წინ მდებარე კორპუსში, რომელიც არ გვაძინებს, დედა, რომელიც მღერის იავნანას, საყვარელი მუსიკა, ბოლოს და ბოლოს ქალაქი, რომელიც თავად მღერის თავის ყოველდღიურ რუტინას და დარწმუნებული ვარ, თითოეულს საკუთარი ჟანრი აქვს. ერთმა კორეელმა ნაცნობმა მითხრა, თბილისი რომ მუსიკა იყოს, soft rock-ი იქნებოდაო. არ ვიცი, რამდენად ეგრეა, მაგრამ საინტერესოა ქალაქების მუსიკად წარმოდგენა, ზოგი მათგანი ალბათ სრული კაკაფონიაა, ზოგიერთი კი სევდიანი ბლუზი მზის ჩასვლის შემდეგ.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ადამიანის ყურს მხოლოდ გარკვეული დიაპაზონის ხმების აღქმა შეუძლია. ის, რაც მის ქვემოთაა ან ზემოთ, უბრალოდ არ გვესმის. ყველა ხმა, რომელიც ბუნებაში ჩვენთვის მიუღწეველ დიაპაზონში ჟღერს, ჩვენ არასოდეს მოგვისმენია. არადა მელომანისთვის, ადამიანისთვის, ვისაც ხმები აინტერესებს, იქ მთელი სამყაროა, რომელიც აღმოჩენას ელის.

► კატა კიბერნეტიკული ხილვებით  - ზურა ჯიშკარიანი და მისი მუსიკა

დღეს მინდა,  შემოგთავაზოთ 5 საუნდი, რომლისთვისაც კაცობრიობას ჩვენს საუკუნემდე არასოდეს მოუსმენია. ჩვენი ყურისთვის აღსაქმელ დიაპაზონში მათი კონვერტაცია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ანუ ჩვენ შეგვიძლია, მოვუსმინოთ ამ ხმებს, მოვუსმინოთ პლანეტათა შეჯახებებს, მოვუსმინოთ ალგორითმებს, ინტერნეტში რომ დანავარდობენ, გავიგოთ, როგორი ხმა აქვთ მცენარეებს და ა.შ. განა არ არის საინტერესო?

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემი საყვარელი "უჩინარი" ხმების ხუთეულს.

5. Hunter Cole - Her Own DNA

ბიოარტი არის რევოლუციური მოძრაობა თანამედროვე ხელოვნებაში. ამ სფეროს წარმომადგენლები ქმნიან ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა, მაგალითად, ღამით მანათობელი კურდღელი ან ფრაზა ბიბლიიდან, რომელიც ბაქტერიაშია ჩაწერილი და მათ გამრავლებასთან ერთად, თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთმა ესპანელმა ხელოვანმა პეპლების დნმ-ში ჩარევით ფრთების უნიკალური დიზაინი მიიღო, როგორიც ევოლუციას აქამდე არასოდეს უნახავს. ჯო დევისმა კი ირმის ნახტომის გალაქტიკის ყველაზე დიდი გამოსახულება თაგვის ყურში ჩაწერა და ეს იმიჯი ცოცხალ ორგანიზმში ასე შეინახა.

ბიოარტისტი ჰანთერ ქოული კი ბაქტერიებით ხატავს და მეტიც, მათი ცილების სექვენსებს მუსიკალურ ნოტებად აქცევს. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ, მოუსმინოთ დახატული ბაქტერიების საუნდს, რომელიც რაღაცით Blade Runner-ის საუნდტრეკსაც მოგაგონებთ.

შეგახსენებთ, ეს მუსიკა არ არის ადამიანის მიერ დაწერილი, ის ლაივ სთრიმინგია ბაქტერიების ურთიერთქმედებიდან.

4. NASA - მზე და სატურნი

რა თქმა უნდა, კოსმოსში არ არის "ხმა" ტრადიციული გაგებით, მაგრამ ციურ სხეულებს ელექტრომაგნიტური რხევები გააჩნიათ. სწორედ ამ რხევებს იწერს, ამუშავებს და საუნდში აკონვერტირებს NASA.

აქ თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ, როგორ ჟღერს მზე:

თუ ჩვენი ვარსკვლავი "წონასწორობას" ინარჩუნებს, იგივეს ვერ იტყვი სატურნზე. ჩემთვის კი აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პლანეტები ისე ჟღერენ, როგორც ბრაიან ინოს ან სხვა ემბიენთ არტისტების ექსპერიმენტული ნამუშევრები.

ესეც სატურნი:

3. პროექტი "ადამიანის გენომი"

აღწერა გვეუბნება: "The first 60,000 base pairs of Chromosome 1 - Homo sapiens translated into sound and frequency at 3000 nucleotides per minute/3000 Beats per minute".

ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ხმაა. თვითშეცნობის ათასგვარ სკოლებსაც არ დასიზმრებიათ, რომ შესაძლებელია ადამიანის ქრომოსომების "მოსმენა".

თქვენ აქ მოუსმენთ ყველასთვის უცნობი ადამიანის "გენებს", რომლებსაც ჩვენც ვატარებთ. იქნებ, სმენისას დავფიქრდეთ, როგორ ისმის სხვა ადამიანი? როგორი ხმა ვარ მე?

2. დიდი აფეთქების ხმა

სამყარო დიდი აფეთქებით შეიქმნა. Big Bada Boom! თვალით უხილავი წერტილი წამების განმავლობაში იქცა უსაზღვრო კოსმოსად და დღემდე ფართოვდება. საინტერესო კი ისაა, რომ, როგორც კოსმოლოგები ამბობენ, დიდი აფეთქების შედეგად სივრცე-დროის, კოსმოსის სტრუქტურაში "ჩაიწერა მელოდია". რადიაცია - ხმა, რომელიც მთელ სამყაროშია განფენილი და მეცნიერებს ჩვენ მიერ აღქმად დიაპაზონში მისი კონვერტირება შეუძლიათ. მადლობა მეცნიერებს!

საინტერესო ფაქტი: დიდი აფეთქების 1% ანალოგურ ტელევიზორში ისმის, თუ მას მკვდარ არხზე ჩართავთ. ასე რომ, მუსიკის მოსმენის გარდა შეგიძლიათ, ძველი საბჭოთა ტელევიზორი იპოვოთ, მოშიშინე არხზე ჩართოთ და დიდ აფეთქებაზე იმედიტიროთ.

1. ალგორითმების ხმა

თანამედროვე, უკვე ლამის პოსტ-ციფრულ სამყაროში კომპიუტერულ ალგორითმებს ცენტრალური ადგილი უჭირავთ. ისინი ამუშავებენ და განსაზღვრავენ საბანკო ტრანზაქციებს, ჩვენს საყვარელ აპლიკაციებსა თუ ფრენების მარშრუტებს. ჩვენს ცხოვრებაში თითქმის აღარ არსებობს სფერო, რომელშიც ეს უსხეულო, ანგელოზისმაგვარი არსებები არ გხვდებიან. მაგრამ საინტერესოა, როგორი ხმა აქვთ მათ?

ამ 7-წუთიან ფსიქოდელიურ მონაკვეთში კოდებისა და ადამიანური ინტუიციით შედგენილი ალგორითმების ფეიერვერკს მოისმენთ. ამბობენ, მომავალი ხელოვნური ინტელექტისაააო, ის კი საკმაოდ ჭკვიანი ალგორითმებისგან იქნება შემდგარი. მოვუსმინოთ, როგორი ხმა აქვთ კოდებს მის გარიჟრაჟზე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული