Thumbnail

სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სურდა, რომ თავად დაეწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯონ ლენონმა 1975 წელს ჟურნალ Spin-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც გამოცემის ფურცლებზე 1988 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. ჟურნალისტი მას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ნამუშევრების შექმნის პროცესზე უსვამდა კითხვებს, რა დროსაც ჯონმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით იქნებოდა ამერიკელი მომღერლის, ჯორჯ მაკკრეის ჰიტის Rock Your Baby ავტორი.

დღე, როდესაც ჯონ ლენონმა The Beatles-ის წევრებს განუცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა

რა უთხრა ჯონ ლენონმა იოკო ონოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

რატომ არ მოეწონა ჯონ ლენონს თინა თერნერის მიერ შესრულებული Come Together

ჟურნალისტის კითხვას - ჯერ ტექსტებს წერთ და შემდეგ გადადიხართ მუსიკაზე - ლენონმა უპასუხა:

"როგორც წესი, ეგრე ვიქცევი. ასე უფრო მომწონს. მუსიკა უფრო მარტივი შესაქმნელია. ხანდახან ელტონ ჯონის მშურს. ბერნი ტოპინი მას სიტყვების დასტას უგზავნის და ისიც სიმღერების წერას ხუთ დღეში ამთავრებს. მეც შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ზედმეტად ეგოისტი ვარ, რომ სხვა ადამიანს ტექსტები ვაწერინო. ამაშია პრობლემა.

მე ისევ მიყვარს შავკანიანთა მუსიკა, დისკო მუსიკა... ჯგუფის Shirley & Company სიმღერა Shame, Shame, Shame ან ჯორჯ მაკკრეის Rock Your Baby - ზედა ეშვს დავთმობდი, ოღონდ ჩემი დაწერილი იყოს ეს სიმღერა. მაგრამ ამას ვერ შევძლებდი. ზედმეტად პირდაპირი ვარ საიმისოდ, რომ Rock Your Baby დამეწერა. არადა ამას სიამოვნებით გავაკეთებდი", - ამბობდა ჯონ ლენონი.

1974 წელს გავრცელებული Rock Your Baby ჯორჯ მაკკრეის სადებიუტო სინგლია, რომელიც დისკოს ჟანრის ადრეული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა და, მსოფლიოში გაყიდული 11 მილიონი ეგზეპლარით, ყველა დროის 40 სინგლს შორის მოხვდა, რომლის ფიზიკურმა გაყიდვებმაც 10 მილიონს გადააჭარბა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული