Thumbnail

რატომ ფიქრობდა ჯიმ მორისონი, რომ სიმსუქნე მშვენიერია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, The Doors-ის ფრონტმენმა, ჯიმ მორისონმა 1969 წელს გაზეთ The Village Voice-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჭარბ წონასთან დაკავშირებით საუბრობს და კოლეჯში სწავლის პერიოდს იხსენებს, როდესაც ნოყიერად გამოკვებას ვაუჩერის საშუალებით ახერხებდა. წლების შემდეგ იუთუბის არხმა Blank on Blank ჟურნალისტ ჰოვარდ სმიტთან ჩაწერილი ინტერვიუ ანიმირებული სახით გაავრცელა.

27 წლის ასაკში გარდაცვლილი 27 მუსიკოსი

- არ გშიათ? უკვე ლანჩის დროა. დილით ისაუზმეთ? - ეკითხება 25 წლის მორისონი ჟურნალისტს.
- კი, ვისაუზმე.
- რა მიირთვი?
- ისეთი არაფერი, შოკოლადის ნამცხვარი და ჩაი.
- სულ ეს არის, რაც ჭამე? უკეთ უნდა იკვებო, ჰოვარდ!
- წონაში მომატებული ხარ, ბევრს ჭამ?
- ეს ის საკითხია, რაც ნამდვილად მაწუხებს. რა არის ცუდი სიმსუქნეში? მართლა მაინტერესებს, - კითხვა შეუბრუნა არტისტმა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კითხვის დასმისას ნეგატიური განზრახვა არ ჰქონია, მორისონმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კოლეჯში სწავლისას უფრო მეტს იწონიდა.

"სიმსუქნეში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მახსოვს, 84 კილოგრამს ვიწონიდი. ამავე სიმაღლის, 180 სანტიმეტრი ვიყავი. კოლეჯის კაფეტერიის ვაუჩერი მქონდა. იქ ყველაფერი იაფი ღირდა - ასე რომ, კვება არასდროს გამომიტოვებია. დილით ადრე მხოლოდ იმისთვის ვდგებოდი, რომ მესაუზმა. კვერცხი, შვრიის ფაფა, სოსისი, ტოსტი, რძე... შემდეგ რამდენიმე ლექციას ვესწრებოდი და ლანჩის დროს ისევ ვბრუნდებოდი კარტოფილის პიურესა და ხორცის საჭმელად. მალევე სადილობის დრო მიწევდა, რაც მეტ პიურეს ნიშნავდა. 3 თვის შემდეგ 84 კილოგრამამდე ავედი. მაშინ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ტანკივით ვიყავი. თავი დიდი ზომის ძუძუმწოვარი და უზარმაზარი მხეცი მეგონა. დერეფნებში რომ დავდიოდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ გზიდან ნებისმიერს ჩამოვიშორებდი. სიგამხდრე შემაწუხებელია, რადგან ძლიერ ქარში მყარად ვერ დადგები. სიმსუქნე მშვენიერი რამაა", - ამბობდა მორისონი.

The Doors ლოს ანჯელესში 1965 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხეს და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბენდის სტატუსიც დაიმსახურეს. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის დაასახელა. ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია, მას ასევე მიღებული აქვს გრემის სპეციალური ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 1971 წელს ბენდის ვოკალისტი, ჯიმ მორისონი გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ კი "დორსი" დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული