Thumbnail

სცენაზე აყვანილი მსმენელების 5 გამორჩეული შესრულება

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ცნობილი არტისტები კონცერტების დროს მსმენელებს სცენაზე საკმაოდ ხშირად იწვევენ. როგორც წესი, ეს ყველაფერი საკუთარ კერპთან გულითადი ჩახუტებითა და ამა თუ იმ კომპოზიციის ნაწყვეტის მორიდებული შესრულებით მთავრდება, თუმცა ზოგჯერ სტუმრები მრავალათასიან აუდიტორიას არ უშინდებიან და შთამბეჭდავ მუსიკალურ მონაცემებსაც ავლენენ.

ჩვენს სტატიაში სწორედ 5 ასეთ გამორჩეულ პერფორმანსს წარმოგიდგენთ.

5. The Who და სკოტ ჰალპინი

არტისტის მიერ კომპოზიციის შესასრულებლად სცენაზე თაყვანისმცემლის აყვანის ტრადიციას საფუძველი 1973 წლის 20 ნოემბერს ჩაეყარა. ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, The Who-ს დრამერი, კით მუნი კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე ზედმეტი ალკოჰოლისგან შეუძლოდ გახდა. სწორედ მის ჩასანაცვლებლად მოიწვიეს აუდიტორიიდან 19 წლის მოყვარული მუსიკოსი, სკოტ ჰალპინი. ამ უკანასკნელმა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი და კოლექტივის წევრებისგან საქებარი სიტყვები, ჟურნალ Rolling Stone-ისგან კი "წლის სათადარიგო მუსიკოსის" ჯილდო დაიმსახურა.

4. Coldplay და ფერდინანდ შვარცი

ზოგჯერ მსმენელები არტისტებს საკუთარი შესაძლებლობების სცენიდან დემონსტრირების სურვილის შესახებ წინასწარ დამზადებული პლაკატების საშუალებით ამცნობენ. Coldplay-ის ერთ-ერთმა გერმანელმა ფანმა, ფერდინანდ შვარცმა ბრიტანული ბენდის მიერ მიუნხენში 2017 წელს გამართულ კონცერტზე სწორედ ამ ხერხს მიმართა და საწადელსაც მიაღწია - ახალგაზრდა პიანისტმა ჯგუფის ფრონტმენს, კრის მარტინს კომპოზიციის Everglow შესრულებისას არაჩეულებრივი აკომპანემენტი გაუწია.

3. Foo Fighters და იეიო სანჩესი

ამერიკული როკ ჯგუფის Foo Fighters წევრებს თავიანთი მსმენელები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე დასაკრავად სცენაზე არაერთხელ აუყვანიათ. მსგავსი შემთხვევებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი 2018 წლის 18 აპრილს, ტექსასის შტატის დედაქალაქ ოსტინში გამართული კონცერტი აღმოჩნდა, რომლის დროსაც ბენდის ფრონტმენმა, დეივ გროლმა საკუთარი გიტარა ახალგაზრდა მუსიკოსს, იეიო სანჩესს დაუთმო. ამ უკანასკნელმა კომპოზიცია Monkey Wrench იმდენად ეფექტურად შეასრულა, რომ თვით მრავლისმნახველი მუსიკოსიც კი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

2. Kendrick Lamar და პეიტონ რენერი

პულიცერის პრემიის ლაურეატ რეპერთან ერთად სცენაზე რეჩიტატივის წაკითხვა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტისა და ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკოსის, ქენდრიკ ლამარის კონცერტებზე გამოცდის ჩაბარება მის არაერთ თაყვანისმცემელს მოუწია. მათ შორის თავი ყველაზე მეტად ახალგაზრდა სიეტლელმა, პეიტონ რენერმა გამოიჩინა. გოგონამ ქენდრიკს პარტნიორობა 2015 წელს ვაშინგტონში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე, კომპოზიციის m.A.A.d City შესრულებისას გაუწია.

1. Adele, გლენი და რონანი 

ინგლისელი შემსრულებლის, ადელის მიერ 2016 წელს დუბლინში დაგეგმილ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე პოპვარსკვლავის ორმა ირლანდიელმა ფანმა, გლენმა და რონანმა მისი სიმღერებისგან შემდგარი პოპური ჩაწერეს. ნამუშევარმა ინტერნეტში პოპულარობა ძალზე სწრაფად მოიპოვა და არტისტის ყურამდეც მიაღწია. შედეგად, ბიჭებისთვის სრულიად მოულოდნელად, ადელმა ისინი სცენაზე მიიწვია. ამ შემთხვევის შემდეგ გლენისა და რონანის დუეტი გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიცნო, რამაც მათი მუსიკალური კარიერის წარმატებაც განაპირობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული