Thumbnail

გრაფიკული დიზაინერი ამტკიცებს, რომ Nirvana-ს ლოგო მან შექმნა და არა კურტ კობეინმა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესში მოღვაწე გრაფიკული დიზაინერის, რობერტ ფიშერის მტკიცებით, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ცნობილი ლოგოს დიზაინის ავტორი თავადაა და არა კოლექტივის ფრონტმენი, კურტ კობეინი. როგორც გამოცემა Billboard წერს, ფიშერმა სასამართლოს 13 სექტემბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ "ნირვანას" წარმომადგენლები ნამუშევრის შემქმნელად სწორედ ბენდს ასახელებენ.

მოუსმინეთ: კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ერთადერთი საერთო პერფორმანსი

დეივ გროლი: ერთი პერიოდი მეშინოდა, რომ Nirvana-დან გამაგდებდნენ

"რობერტ ფიშერმა ახლახან გაიგო, რომ "ნირვანა" მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და ავტორობას კურტ კობეინს მიაკუთვნებს. მან ასევე არ იცოდა, რომ ჯერ კიდევ 1993 წელს ჯგუფმა ამ ლოგოზე საავტორო უფლება დაარეგისტრირა. რობერტი ყოველთვის ჩაკეტილი ადამიანი იყო და არ სურდა საკუთარი მიღწევების აფიშირება. თუმცა, დაუშვებელია, როდესაც ლოგოს ავტორობას დაუმსახურებლად სულ სხვა ადამიანს მიაკუთვნებენ. ხელოვანები იმსახურებენ, საკუთარი ნამუშევრებისთვის დააფასონ, რადგან ხშირად ეს ერთადერთია, რაც მათ რჩებათ. თუ რობერტი ახლა არ დაიცავს საკუთარ საავტორო უფლებას, შესაძლოა, ის სამუდამოდ დაკარგოს", - ამბობს ადვოკატი.

როგორც რობერტ ფიშერი აცხადებს, ლეიბლში Geffen Records არტ დირექტორად მუშაობდა, როცა "ნირვანას" ალბომის Nevermind დიზაინზე მუშაობის შეთავაზება მიიღო. ფიშერი ასევე აღნიშნავს, რომ კოლექტივმა 1991 წელს ბრენდირებული მაისურის შექმნის თხოვნითაც მიმართა, რის შემდეგაც მან სხვადასხვანაირი ე.წ. სმაილების ხატვა დაიწყო.

"დავხატე X თვალები, გამოყოფილი ენა და ხაზები გავუკეთე ტუჩების დაბოლოებებში, რათა ღიმილის შთაბეჭდილება შექმნილიყო. წვრილწვერიანი ფანქარი გამოვიყენე. თავზე Nirvana დავაწერე ონიქსის ფონტით. შემდეგ კი ქსეროქსის აპარატის გამოყენებით გადიდებული დავბეჭდე", - იხსენებს ხელოვანი.

რობერტ ფიშერი

აღსანიშნავია, რომ "ნირვანამ" საავტორო უფლების დარღვევისთვის 2018 წელს დიზაინერ მარკ ჯეიკობსს უჩივლა, რადგანაც ამ უკანასკნელმა საკუთარ კოლექციაში ერთ-ერთი მაისური ბენდის ლოგოტიპის გავლენით შექმნა. სწორედ ამ სარჩელში მოიხსენიებდნენ კურტ კობეინს ბენდის წარმომადგენლები ნახატის რეალურ ავტორად.

Nirvana-ს ლოგო პირველად 1991 წლის 13 სექტემბერს ალბომ Nevermind-ის მხარდამჭერი წვეულების პოსტერზე გამოჩნდა.

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული