Thumbnail

როგორ შეიქმნა The Rolling Stones-ის საკულტო ლოგო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1970 წლის დასაწყისში ლონდონში მდებარე სასწავლებელს Royal College of Art ბრიტანული ბენდის, Rolling Stones-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ევროპული ტურნესთვის პოსტერის შექმნაში დახმარება სთხოვეს. სახელოვნებო აკადემიამ მათ ჯონ პეში შესთავაზა, რომელიც იმ პერიოდში მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა. ეს უკანასკნელი იდეების განსახილველად მიკ ჯაგერს შეხვდა და ლოგოს დიზაინიც შესთავაზა, თუმცა, მუსიკოსმა ის დაუწუნა - მჯერა, უკეთესის შექმნა შეგიძლიაო.

ნახეთ: The Rolling Stones-მა ლონდონში მაღაზია RS No.9 გახსნა

მიკ ჯაგერი: არ მინდოდა, The Rolling Stones-ის ეს სიმღერები გავრცელებულიყო

მეორე დიზაინის გაგზავნის შემდეგ ჯონ პეშს ბენდის პერსონალური ასისტენტი, ჯო ბერგმანი დაუკავშირდა და ისეთი ლოგოს შექმნა სთხოვა, რომლის დაბეჭდვაც ბროშურებზე, პრესრელიზებზე და ა.შ. იქნებოდა შესაძლებელი. მოგვიანებით მიკ ჯაგერმა პეშს დაუკონკრეტა, რომ მას ისეთივე მარტივი ნახატი ჰქონდა წარმოდგენილი, როგორიც, მაგალითად, კომპანია Shell Petroleum-ის ლოგოა. შემსრულებელმა შთაგონების მისაღებად აგრეთვე ინდუისტური ღვთაების, ქალღმერთ კალის ილუსტრაცია აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, თავისი სახლისკენ მიმავალ გზაზე შენიშნა.

ქალღმერთი კალი

"მიკი ინდურ კულტურაზე მესაუბრებოდა, მე კი მაშინვე თვალში მომხვდა კალის ტუჩები და გამოყოფილი ენა", - იხსენებს პეში.

თუმცა, ახალგაზრდა ხელოვანს ლოგო მხოლოდ ქალღმერთ კალის შთაგონებით არ შეუქმნია.

"რეალურად იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა მიკ ჯაგერთან შეხვედრაზე მივედი. მანამდე პირისპირ არ მყავდა ნანახი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი პირის აპარატისა და ტუჩების ზომა იყო", - ამბობდა პეში.

ხელოვანის მიერ 1970 წელს შექმნილი ტუჩი და ენა ჯერ შავ-თეთრი იყო, საბოლოო სახე კი არტისტმა, კრეიგ ბრაუნმა მისცა. ლოგო პირველად 1971 წელს კოლექტივის სტუდიური ალბომის Sticky Fingers ყდის შიდა და უკანა გვერდებზე დაიბეჭდა. ის მალევე არა მხოლოდ "როლინგ სთოუნზის" საფირმო ნიშნად იქცა, არამედ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოგოტიპის სტატუსი შეიძინა.

შონ იგენმა, რომელიც კოლექტივის შესახებ დაწერილი წიგნის The Mammoth Book of the Rolling Stones რედაქტორია, ლოგოზე საუბრისას აღნიშნა:

"ჯგუფის სახელის ხსენებაც არ არის საჭირო, ეს ტუჩები მომენტალურად მათ გვახსენებს. ყოველ შემთხვევაში ჯაგერს მაინც. ნამუშევარი სწრაფად და დამსახურებულად გახდა პოპულარული მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ლოგოტიპი“.

აღსანიშნავია, რომ ლოგოს შექმნისთვის პეშმა ჰონორარის სახით 60 დოლარი მიიღო, ორი წლის შემდეგ კი ბონუსის სახით დამატებით $250 ჩაერიცხა. წლების შემდეგ ავტორმა ორიგინალი ნახატი საკუთარი ხელმოწერით აუქციონზე გაიტანა და 92 500 დოლარად გაყიდა.

ჯონ პეში საკუთარ ნამუშევართან ერთად

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული