Thumbnail

ნახეთ: 14 წლის სლეში შეყვარებულს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მთელ დროს გიტარას უთმობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანული ჟურნალი Far Out Magazine ონლაინ მუზეუმის Letters of Note ვებგვერდზე განთავსებულ წერილს ავრცელებს, რომელიც ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა 14 წლის ასაკში, თავის ყოფილ შეყვარებულს, მიშელ იანგს გაუგზავნა. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ეს საპასუხო წერილი იყო, რომელიც არტისტმა მას შემდეგ დაწერა, რაც გოგონამ მას განუმარტა, თუ რატომ დაშორდა.

რატომ უთხრა სლეშმა რიანას უარი კლიპში მონაწილეობაზე

Slash იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა Axl Rose-ის ვოკალი პირველად მოისმინა

სლეში და მიშელ იანგი

აღმოჩნდა, რომ მიშელს მუსიკოსმა საკუთარ გიტარაზე გაუთავებელი ლაპარაკით მოაბეზრა თავი. საპასუხო წერილში სლეში მას ბოდიშს უხდის და უმტკიცებს, რომ თავადაც ვერ იაზრებდა, ამდენად თუ იყო შეპყრობილი საკუთარი ინსტრუმენტით.

"ძვირფასო მიშელ, შენმა წერილმა თავიდან ცოტა შემაშინა, რადგან ვერ მივხვდი, თუ რას გულისხმობდი. ხოლო როცა ამიხსენი, ამან ჩემზე უცნაურად იმოქმედა. წარმოდგენაც კი არ მქონდა, ჩემს გიტარაზე ამდენად ხშირად თუ ვლაპარაკობდი. ვაპირებ, ასე აღარავისთან მოვიქცე. უსიამოვნოა იმის გააზრება, რომ ამან ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა. ადრე უნდა გეთქვა, რაც გაწუხებდა, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ ეს დაშორების ერთადერთი მიზეზია. ძალიანაც არ მოგწონდი და ვხვდები, რატომაც - ხანდახან ჩემი გაგება რთულია. მაინც მადლობელი ვარ, რომ პირდაპირ მითხარი სათქმელი და არ მომატყუე.

თემას რომ გადავუხვიო, დღეს ძალიან კარგად გამოიყურები, ყოველდღიურად, უფრო და უფრო ლამაზი ხდები. ჩემმა შაბათ-კვირამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. სტივთან (იგულისხმება სტივენ ადლერი, რომელიც მოგვიანებით Guns N' Roses-ის დრამერი გახდა) ერთად რამდენიმე წვეულება მოვიარეთ და ბარ Starwood-ში წავედით. უქმე დღეების დიდი ნაწილი მეცხრე ცაზე გავატარე, თუ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. Starwood-ში მანამდე არასდროს ვყოფილვარ. მის წინ არაერთხელ გამივლია, მაგრამ იქ არასდროს შევსულვარ. არც ისეთი მაგარი ადგილია, საკმაოდ კარგი ბენდები უკრავდნენ და გოგონებსაც არაუშავდათ (შენ მაინც ნებისმიერ მათგანზე საყვარელი მგონიხარ), ნარკოტიკებიც მაგარი იყო, მაგრამ ეს ის ადგილი არ არის, სადაც ჩემი დღეების გატარებას ვისურვებდი. ყველაზე მაგარი ის მოხდა, რომ ერთმა ბიჭმა შავკანიანს დაარტყა, რომელმაც ასობით მეგობარი მოიყვანა და იმ პირველს მთელი ჰილივუდის ტერიტორიაზე დასდევდნენ.

გიჟური ადგილია. შემდეგ კვირაშიც ვაპირებ მისვლას, რომ Quiet Riot-ის გამოსვლას მოვუსმინო, რადგან მათზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ამ დღეებში მეც უნდა დავუკრა იქ. სიყვარულით, სოლი. ეს ფურცელი იდეალური იყო, მანამ დავჯღაბნიდი", - წერს სლეში გოგონას.

ხელნაწერ ტექსტთან ერთად, ფურცელი მუსიკოსის ნახატებით არის გაფორმებული.

როგორც Far Out Magazine წერს, 80-იან წლებში, როცა სლეში ჯგუფს Guns N 'Roses შეუერთდა, გოგონამ კოლექტივის ვოკალისტ აქსლ როუზთან დაიწყო შეხვედრები და მას სიმღერის My Michelle დაწერაც შთააგონა, რომელიც კოლექტივის სადებიუტო ალბომში Appetite for Destruction არის წარმოდგენილი.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული