Thumbnail

მუსიკოსები ჟურნალ Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა გამოცემამ Time ტრადიციულად ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული შეადგინა. 2020 წლის ჩამონათვალში ისეთი მუსიკოსები მოხვდნენ, როგორებიც არიან: The Weeknd, Megan Thee Stallion, Halsey, J Balvin, სელენა გომესი და ჯენიფერ ჰადსონი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის სპეციალური გამოცემისთვის 8 განსხვავებული გარეკანი მომზადდა, რომელთაგან ორიც უიქენდსა და მეგანს დაეთმო.

მუსიკოსები ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ოცეულში

ასეულში შესული თითოეული პირი სხვა ცნობილმა ადამიანებმა დაახასიათეს. მაგალითად, უიქენდზე ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა დაწერა:

"უიქენდს წელს ოსკარის წვეულებაზე შევხვდი. მითხრა, რომ მისი ახალი ალბომი After Hours მომეწონებოდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რატომ. ის საოცრად იდუმალი ფიგურაა თანამედროვე პოპ მუსიკაში, რომელშიც იდუმალება დიდი იშვიათობაა. ვერ განჭვრეტ, რას უნდა ელოდო - უიქენდი მუდმივად პერსონაჟებს ქმნის. ამიტომ, ვერასდროს გამოიცნობ, საკუთარი თავის შესახებ მღერის, თუ გამოგონილ ადამიანზე. მას წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს".

ჰოლზიზე კი პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა, BTS-მა ისაუბრა, რომელთანაც მომღერალმა 2019 წელს კომპოზიციაზე Boy with Luv ითანამშრომლა.

"ჰოლზი ისეთი პიროვნებაა, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა ადამიანზე, ვისაც კი შეხვედრია. შინაგანი შარმის გამოსხივების საოცარი უნარი აქვს. ჰოლზის მებრძოლი სული კარგად ჩანს მის ნამუშევრებსა თუ პერფორმანსებში. მან საკუთარი მგზნებარე ბუნება ჩვენც გადმოგვდო და არტისტული ხედვების გამოვლენაში დაგვეხმარა", - წერს კოლექტივი.

გამოცემამ წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში წარმოადგინა. მათ დასახელებასთან ერთად პირდაპირ ეთერში კომპოზიციები უიქენდმა და ჰოლზიმ შეასრულეს.

კანადელმა მუსიკოსმა თავის მეოთხე ალბომში After Hours შესული ჰიტი Blinding Lights იმღერა.

ჰოლზიმ კი ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის 4 Non Blondes სინგლი Dear Mr. President წარმოადგინა 1992 წელს გავრცელებული ალბომიდან Bigger, Better, Faster, More!

კომენტარები

ბოლოს დამატებული