Thumbnail

1970-იანების 10 საუკეთესო საუნდტრეკების ალბომი წლების მიხედვით

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

კინომუსიკის ისტორიაში 1970-იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელმაც სავსებით ახალ ტენდენციებს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდში შექმნილი ფილმების მუსიკალური გაფორმება ტრადიციული ჯაზითა თუ კლასიკური მუსიკით უკვე აღარ შემოიფარგლებოდა და გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. ჰოლივუდში ფანკისა და სოულის შემსრულებელი არტისტები იკიდებდნენ ფეხს, ევროპული კინო სამოციანებიდან ექოდ გამოყოლილ ფსიქოდელიურ ესთეტიკას ითვისებდა, დეკადის მიწურულს კი სურათებში დისკოს სტილში გადაწყვეტილი ტრეკებიც გაჟღერდა.

ჩვენს დღევანდელ სიაში სწორედ 1970-იანი წლების ათ საუკეთესო საუნდტრეკების ალბომს წარმოგიდგენთ.

10. The Art Ensemble of Chicago - Les Stances à Sophie (1970)

1931 წელს დაბადებული მოშე მიზრაჰი არც ისე ცნობილი რეჟისორი იყო და პოპულარობით ვერც მისი მისი რიგით მეორე ნამუშევარი "სოფის გზები" დაიკვეხნის. 1970 წელს გადაღებული კომედიური დრამა ახალგაზრდა ფრანგი ქალის, სელინის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესისა და იდეალების მქონე ბიზნესმენზე, ფილიპზე ქორწინდება. ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ფილმი, ალბათ, დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა მისი უაღრესად შთამბეჭდავი, მელომანებს შორის საკულტო სტატუსით მოსარგებლე საუნდტრეკი.

მიზრაჰმა სურათის მუსიკალური გაფორმება პარიზში გასტროლებზე მყოფ ჯაზ კოლექტივს The Art Ensemble of Chicago მაშინ დაუკვეთა, როდესაც ჯგუფის წევრების ვიზას მოქმედების სულ რაღაც ორკვირიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი. ალბათ, ამიტომაც დაჰკრავს ამ სახელდახელოდ შექმნილ ჩანაწერს სპონტანურობის ასეთი მძაფრი და მომხიბვლელი ელფერი. ალბომის უნიკალური ჟღერადობა განსაკუთრებით ნათლად კომპოზიციაში Theme de Yoyo აისახა. სოულის რიტმებისა და ფრი ჯაზის აბსტრაქტული პასაჟების ასეთი ორგანული თანაარსებობა თითქოს წარმოუდგენელია, თუმცა, როდესაც საქმე ფონტელა ბასისა და ლესტერ ბოუის დონის მუსიკოსებთან გვაქვს, შეუძლებელი არაფერია.

მოუსმინეთ ალბომს

9. Isaac Hayes - Shaft (1971)

1970-იანი წლების შეერთებულ შტატებში კინემატოგრაფის ახალი მიმდინარეობა დაიბადა, რომელსაც Blaxploitation-ის სახელით მოიხსენიებდნენ. ამ ჟანრში შექმნილ მძაფრსიუჟეტიან თუ კომედიურ ფილმებში მთავარ როლებს შავკანიანი მსახიობები ასრულებდნენ, მოქმედება კი აფროამერიკული სოციუმის გარშემო ვითარდებოდა. მსგავსი სურათების დიდი ნაწილი ფანკის, სოულისა და არენბის სტილში გადაწყვეტილი ბრწყინვალე საუნდტრეკებით იყო გაფორმებული, რომლებზეც კერტის მეიფილდი, მარვინ გეი, როი ეიერსი და სხვა გამოჩენილი შემსრულებლები მუშაობდნენ. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარული 1971 წელს გამოსული Shaft გახლავთ, რომლის მუსიკალური გაფორმებაც ლეგენდარულ არტისტს, აიზეკ ჰეისს ეკუთვნის.

კერძო დეტექტივის, ჯონ შაფტის შესახებ გადაღებულმა ფილმმა მნიშვნელოვან კომერციულ წარმატებას მიაღწია და ამერიკულ პოპკულტურაში ახალი ნიშა შექმნა, რაც გარკვეულწილად ჰეისის მიერ შექმნილი საუნდტრეკის დამსახურებაც იყო. ჩამთრევმა მელოდიებმა, დახვეწილმა არანჟირებამ და ენერგიულმა ჟღერადობამ ეს ალბომი ჟანრის ეტალონად აქცია. ჩანაწერში შესული ტრეკებიდან განსაკუთრებული პოპულარობით მთავარი მუსიკალური თემა სარგებლობს, რომელიც ავტორის საკონცერტო რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1972 წელს კომპოზიციამ საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის განკუთვნილი ოსკარიც დაიმსახურა, რაც ამ ნომინაციაში აფროამერიკელი კომპოზიტორის მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.

მოუსმინეთ ალბომს

8. Nino Rota - The Godfather (1972)

1911 წელს დაბადებული ნინო როტა სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კინოკომპოზიტორად. ფედერიკო ფელინისთან და ლუკინო ვისკონტისთან ხშირი თანამშრომლობით ცნობილმა იტალიელმა ხელოვანმა მუსიკალური გაფორმება ისეთი ფილმებისთვის შექმნა, როგორებიცაა "ამარკორდი", "რომეო და ჯულიეტა", "რვანახევარი" და სხვა. მისი საოცრად შთამბეჭდავი დისკოგრაფიიდან განსაკუთრებული პოპულარობით რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ მარიო პიუზოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული სურათისთვის "ნათლიმამა" დაწერილი საუნდტრეკი სარგებლობს.

კოპოლას სურდა, სურათში გამოყენებულ მუსიკას იტალიისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო შეექმნა და თან ტრაგიზმის განცდა გაემძაფრებინა. რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას როტამ თავი იდეალურად გაართვა. მისი დახვეწილი, მელანქოლიური კომპოზიციები კინომუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და ცნობად მელოდიებად იქცნენ. ალბომი რამდენიმე სხვა პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად ოსკარზეც იყო წარდგენილი, თუმცა, როგორც მალევე გაირკვა, "ნათლიმამას" მთავარი თემა როტას მიერ 1958 წელს ფილმ "ფორტუნელასთვის" შექმნილი საუნდტრეკის გადამუშავებულ ვერსიას წარმოადგენდა, რის გამოც აკადემიამ კომპოზიტორი ნომინანტების სიიდან ამოიღო.

მოუსმინეთ ალბომს

7. Alain Goraguer - La Planete Sauvage (1973)

ფრანგი რეჟისორის, რენე ლალუს მიერ 1973 წელს შექმნილ ანიმაციურ ფილმს "ველური პლანეტა" სპეციფიკურ ვიზუალურ სტილთან და უცნაურ პერსონაჟებთან ერთად არაორდინარული სიუჟეტიც გამოარჩევს. სურათში მოქმედება შორეულ მომავალში, გიგანტური ლურჯი ჰუმანოიდებით დასახლებულ პლანეტა იგამზე ვითარდება, სადაც ადამიანები განვითარების გაცილებით დაბალ ეტაპზე იმყოფებიან და პრიმიტიულ ცხოველებად აღიქმებიან. ექსცენტრიკულმა, სოციალური ქვეტექსტებით დატვირთულმა ნამუშევარმა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, რაშიც სხვა ღირსებებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი მისმა საუნდტრეკმაც შეასრულა.

ლალუმ ფილმის მუსიკალური გაფორმება ჯაზ პიანისტს, ალან გორაგეს მიანდო, რომელიც სხვადასხვა დროს ბორის ვიანისა და სერჟ გეინსბურის ბენდებში მოღვაწეობდა. ფრანგი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ფსიქოდელიის, ფანკისა და ჯაზის დამაინტრიგებელი სინთეზი, რომელიც პროგრესივ როკის ელემენტებითაა გამდიდრებული, სურათის უჩვეულო ატმოსფეროსთან სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა. დღესდღეობით საკულტო სტატუსის მქონე ალბომმა პოპულარობა მოგვიანებით, გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ მოიპოვა, რაც დიდწილად ჰიპ ჰოპ თუ ელექტრონული არტისტების მიერ მასში შესული ტრეკების ხშირი გადასემპვლის შედეგია.

მოუსმინეთ ალბომს

6. Jerry Goldsmith - Chinatown (1974)

ჯერი გოლდსმიტმა კინომუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ლეგენდარულმა კომპოზიტორმა მუსიკალური გაფორმება ისეთი სურათებისთვის შექმნა, როგორებიცაა "პატონი", "ვარსკვლავური გზა", "პოლტერგეისტი", "მაიმუნების პლანეტა", "მულანი", "მუმია" და სხვა. ოსკარზე თვრამეტჯერ ნომინირებული ხელოვნის სტილი დიდწილად მეოცე საუკუნის მოდერნისტული ტენდენციებით იყო შთაგონებული, რასაც მისი ხელწერის საფირმო ასპექტი, ეთნიკური ინსტრუმენტების ორიგინალური ხერხებით გამოყენება ემატებოდა. გოლდსმიტის დისკოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს 1974 წელს ფილმისთვის "ჩინური კვარტალი" დაწერილი საუნდტრეკი იკავებს.

რეჟისორ რომან პოლანსკის დეტექტივში, რომელშიც მთავარ როლებს გამოჩენილი მსახიობები, ჯეკ ნიკოლსონი და ფეი დანაუეი ასრულებენ, მოქმედება 1930-იანი წლების ლოს ანჯელესში ვითარდება. გოლდსმიტის მიერ შექმნილ, ჯაზითა და ავანგარდით ინსპირირებულ მუსიკაში იმ პერიოდის ურბანულ ამერიკასთან ასოცირებული ნეო-ნუარის იდუმალი, ბოჰემური ესთეტიკა ზედმიწევნითაა ასახული. ალბომი საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზეც იყო ნომინირებული, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო. აკადემიამ ჯილდო "ნათლიმამას" მეორე ნაწილისთვის ნინო როტას მიანიჭა.

მოუსმინეთ ალბომს

5. Goblin - Profondo Rosso (1975)

1960-იანი წლების იტალიაში ახალი კინოსკოლა გაჩნდა, რომელიც მისტიკის, ტრილერის, ჰორორისა და ეროტიკის ელემენტებს აერთიანებდა. ჯიალოს (იტალიურად: ყვითელი. დაერქვა დეტექტიური ნოველების სერიის Il Giallo Mondadori გავლენით, რომლის თითოეულ წიგნსაც ყვითელი გარეკანი ამშვენებდა) სახელით ცნობილ ჟანრში შექმნილ ფილმებს სპეციფიკური ფერთა პალიტრა, ფსიქოდელიური ესთეტიკა და, რაც მთავარია, უნიკალური საუნდტრეკები ახასიათებდა. მიმდინარეობის ერთ-ერთ კორიფედ 1940 წელს დაბადებული დარიო არჯენტო ითვლება, რომლის ნამუშევრების დიდი ნაწილიც, არაერთ სხვა ღირსებასთან ერთად, ეფექტური მუსიკალური გაფორმებითაც გამოირჩეოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო მისი 1975 წლის ფილმი Profondo Rosso ("მუქი წითელი") გახლავთ.

არჯენტომ სურათისთვის მუსიკის შექმნა თავდაპირველად კომპოზიტორ ჯორჯო გასლინის დაუკვეთა, თუმცა მისი ნამუშევრით უკმაყოფილო დარჩა. შემდეგ რამდენჯერმე ამაოდ სცადა თანამშრომლობაზე ლეგენდარული Pink Floyd-ის დაყოლიება, საბოლოოდ კი საქმე პროგრესივ როკის ჟანრში მოღვაწე კიდევ ერთ ბენდს, 1972 წელს ჩამოყალიბებულ Goblin-ს მიანდო, რაც ძალზე კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. იტალიური კოლექტივის მიერ შექმნილი ფანტასტიკური საუნდტრეკი, რომელიც ჯაზის, ავანგარდის, ფსიქოდელიისა და ფანკის ელემენტებს აერთიანებს, იდეალურ თანხვედრაში აღმოჩნდა დარიოს ხელწერასთან და მათ შორის ხანგრძლივ, წარმატებულ კოლაბორაციასაც ჩაუყარა საფუძველი.

მოუსმინეთ ალბომს

4. Bernard Herrmann - Taxi Driver (1976)

ბერნარდ ჰერმანს კინომუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ეპოქალურმა კომპოზიტორმა, დირიჟორმა და ელექტრონული ინსტრუმენტების ფართოდ გამოყენების ერთ-ერთმა პიონერმა ისეთი სურათებისთვის შექმნა გაფორმება, როგორებიცაა "მოქალაქე კეინი", "ფსიქო", "კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი", "ფარენჰეიტ 451", "ვერტიგო" და სხვა. მისი ნოვატორული სტილი ათასობით კოლეგისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა. აქვე უნდა აღინიშნოს მიდგომა, რომელიც ჰერმანის მოღვაწეობის ეპოქაში საკმაოდ უჩვეულო იყო - კომპოზიტორი სამუშაოს მხოლოდ რეჟისორისგან სრული დამოუკიდებლობის პირობით თანხმდებოდა.

მარტინ სკორსეზეს ეპოქალური ტრილერის, "ტაქსის მძღოლისთვის" დაწერილი საუნდტრეკი ამერიკელი მუსიკოსის მიერ სიცოცხლეში შექმნილი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა და სურათიც სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. ჰერმანის დრამატული, ატმოსფერული კომპოზიციები ღამის ნიუ იორკის ხმებთან ორგანულად ირევა და ერთ დიდ, თვითმყოფად მუსიკალურ ლანდშაფტს ქმნის, რომელიც მთავარი გმირის ბრაზს, მარტოობასა და იმედგაცრუებას მთელი ექსპრესიით ირეკლავს. გასაკვირი არა, რომ ინტროვერტმა, პათოლოგიურად ჯიუტმა და მუდამ საკუთარი წესებით მოთამაშე ხელოვანმა საკუთარ ნაწარმოებში საკულტო პერსონაჟის, ტრევის ბიკლის პიროვნების ასახვა იდეალურად შეძლო.

მოუსმინეთ ალბომს

3. John Williams - Star Wars: A New Hope (1977)

1977 წელს კინემატოგრაფის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე წარმატებული საგა Star Wars დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე "ვარსკვლავური ომების" სამყარომ არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა ჯონ უილიამსის მუსიკის გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელია. ფრენჩაიზის ძირითადი ცხრა ეპიზოდიდან თითოეულის საუნდტრეკი სწორედ ხუთი ოსკარის მფლობელ მუსიკოსს ეკუთვნის. კომპოზიტორი სერიის თაყვანისმცემლებს შორის იმდენად დიდი დაფასებით სარგებლობს, რომ დარტ ვეიდერთან, ჰან სოლოსთან, პრინცესა ლეიასთან და სხვა საკულტო პერსონაჟებთან ერთად მისი ათასობით სათამაშო ფიგურაც იყიდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

უილიამსის შემოქმედების განხილვისას მისი, როგორც კომპოზიტორის ღირსებების შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ცოცხალ ლეგენდად ქცევაში ხელოვანს ყველაზე მეტად მისი ერთი, საოცარი თვისება დაეხმარა. აუდიტორიის კოლექტიურ მეხსიერებაში საკუთარი ნაწარმოებების აღბეჭდვას ამერიკელი მუსიკოსი ისე ახერხებს, რომ ისინი ათწლეულების შემდეგაც არ იშლება. მაგალითისთვის, სრულიად საკმარისია "იურული პერიოდის პარკის", "ყბების", "ინდიანა ჯონსისა" თუ "შინდლერის სიის" ჰიტებად ქცეული საუნდტრეკები გავიხსენოთ. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ეს უნიკალური ტალანტი სწორედ "ვარსკვლავური ომების" წამყვან თემაშია ასახული, რომელიც კინემატოგრაფის საუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მელოდიაა.

მოუსმინეთ ალბომს

2. Giorgio Moroder - Midnight Express (1978)

1970-იანი წლების მიწურულს დასავლურ პოპ მუსიკაში სინთეზატორების დომინაციას ჩაეყარა საფუძველი, ევროპული და ამერიკული ჩარტების სათავეში კი ახალი მიმართულების, დისკოს წარმომადგენელი არტისტები მოექცნენ. ამ კონტროვერსიული ჟანრის ერთ-ერთი პირველი დიდი აღიარება მისი პიონერის, ლეგენდარული ჯორჯო მოროდერის სახელს უკავშირდება. იტალიელი მუსიკოსის მიერ 1978 წელს ფილმისთვის "შუაღამის ექსპრესი" შექმნილმა, პროგრესივ ელექტრონიკისა და დისკოს სტილში გადაწყვეტილმა ჩანაწერმა საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარი დაიმსახურა, რაც ბანალურობასა და იაფფასიანობაში ათასგზის ბრალდებული მიმდინარეობისთვის მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას წარმოადგენდა.

ფილმზე მუშაობის დაწყებამდე მოროდერმა დისკოს დედოფლად მონათლულ ამერიკელ შემსრულებელთან, დონა სამერთან ჰიტზე I Feel Love ითანამშრომლა. რეჟისორმა ალან პარკერმა, რომელსაც მელომანები საკულტო ნამუშევრით The Wall იცნობენ, მუსიკოსს სწორედ ამ კომპოზიციის ჟღერადობისა და სტრუქტურის იმიტირება სთხოვა. შედეგად ჯორჯომ სურათის წამყვანი მუსიკალური თემა The Chase შექმნა, რომელიც ე.წ. hi-NRG ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად იქცა. მოგვიანებით, იტალიელი არტისტი არაერთი სხვა სურათის კომპოზიტორადაც მოგვევლინა, თუმცა ისტორიული მნიშვნელობით "შუაღამის ექსპრესის" საუნდტრეკს მისი სხვა ვერცერთი ჩანაწერი შეედრება.

მოუსმინეთ ალბომს

1. Popol Vuh - Nosferatu the Vampyre (1979)

1960-იანი წლების გერმანიაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თვითმყოფადი და მნიშვნელოვანი მუსიკალური მოძრაობა, კრაუტროკი აღმოცენდა. ინოვაციებით სავსე, უკიდურესად ეკლექტურ ჟანრში მოღვაწე არტისტების ჟღერადობა ათობით სხვადასხვა მიმართულებიდან თუ ფოლკლორული წყაროდან ნასესხებ ელემენტებს აერთიანებდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს მიუნხენური ჯგუფი Popol Vuh იპყრობს, რომელიც აზიური, აფრიკული თუ სამხრეთამერიკული მუსიკის ტრადიციებს აქტიურად ითვისებდა, წარმართული ჰიმნებისა და საგალობლების ესთეტიკას კი საკუთარი შემოქმედების ნაწილად აქცევდა. 1969 წელს დაარსებული ბენდი ნიუ ეიჯის ერთ-ერთ პიონერად ითვლება და მიმდინარეობის ისტორიაში გამორჩეულ ადგილსაც იკავებს.

1972-87 წლებში ჯგუფმა საკულტო გერმანელი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის ფილმებისთვის საუნდტრეკების ექვსი, ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ალბომი ჩაწერა. მათ შორისაა სურათისთვის "ნოსფერატუ, ვამპირი" შექმნილი გაფორმებაც, რომელიც კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. Popol Vuh-ის მისტიკური, ტრაიბალური მუსიკა გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის დრამის "რაინის ოქრო" ნაწყვეტთან და ანსამბლ "გორდელას" მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერასთან, "წინწყაროსთან" ერთად განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის, რომლის სიტყვებით აღწერის მცდელობა სრული უაზრობაა. სჯობს, თავად ნახოთ, მოისმინოთ და შეიგრძნოთ.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული