Thumbnail

Bobby Shmurda-ს შეწყალებაზე უარი უთხრეს, ის სასჯელს სრულად მოიხდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

26 წლის ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ეკვილ ჯინ პოლარდი, ფსევდონიმით Bobby Shmurda, შვიდწლიან სასჯელს სრულად მოიხდის. შეწყალების კომისიამ რეპერს ნაადრევ გათავისუფლებაზე უარი განუცხადა. მუსიკოსი საპატიმროს 2021 წლის 11 დეკემბერს დატოვებს.

"ეკვილ პოლარდს შეწყალების კომისიასთან ინტერვიუ 2020 წლის 15 სექტემბერს ჰქონდა. გადაწყვეტილების თანახმად, პოლარდი ციხეში სასჯელს სრულად მოიხდის", - განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს ნიუ იორკის დეპარტამენტის სპიკერმა.

არსებული ინფორმაციით, ბობი შმურდამ ციხეში ყოფნისას არაერთი დანაშაული ჩაიდინა - ნარკოტიკისა და იარაღის ფლობა, ჩხუბი და ა.შ. კომისიის გადაწყვეტილებაზე, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორმა იქონია გავლენა.

ბობი შმურდა

როგორც მუსიკოსის დედამ გამოცემა TMZ-სთან განაცხადა, რეპერი დარწმუნებული იყო, რომ მას შეიწყალებდნენ. შმურდას ციხის დატოვების შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი კომპოზიციის გამოშვება და ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღება.

ახალგაზრდა შემსრულებელი თავის მეგობრებთან ერთად ნიუ იორკის პოლიციამ 2014 წელს დააკავა. ის მკვლელობის დაგეგმვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში დაადანაშაულეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს ცნობილი კომპოზიციების დაქავერებით დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2014 წლის პლატინის სტატუსის მქონე კომპოზიციით Hot Nigga გაიცნო. იმავე წელს ბობიმ სადებიუტო მიქსტეიპი Shmoney Shmurda და EP სახელწოდებით Shmurda She Wrote გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული