Thumbnail

Westside Gunn: სამ თვეში კარიერას დავასრულებ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Griselda დამფუძნებლის, ელვინ ვორთის, ფსევდონიმით Westside Gunn, მუსიკალურ კარიერაში 2020 წელი უკანასკნელი იქნება. ამის შესახებ ბუფალოელმა ემსიმ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა. დღეს კი რეპერმა გადაწყვეტილება ტვიტერზე კიდევ ერთხელ გააჟღერა.

ნახეთ: Westside Gunn-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს FLYGOD Is An Awesome God II ავრცელებს

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Pray For Paris ავრცელებს

"მუსიკალური კარიერის დასრულებამდე 3 თვე დამრჩა, მე კი ჩემი გადაწყვეტილების ერთგული ვარ. გპირდებით, რომ წინ სამი ძალიან მაგარი თვე გველოდება", - დაწერა ელვინმა.

ცნობილია, რომ ამჟამად ვესთსაიდი სამ ალბომზე მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი Who Made The Sunshine გახლავთ, რომელიც ლეგენდარული ემინემის ლეიბლის მხარდაჭერით გამოიცემა. ეს Shady Records-ში განის დებიუტი იქნება.

კიდევ ერთი ალბომი, რომლსაც ნიუ იორკელი გამოაქვეყნებს, ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, მედლიბთან ერთად შექმნილი ნამუშევარი Gunnlib გახლავთ, რომელთან დაკავშირებითაც განმა 2019 წელს ისაუბრა. მესამე დაპირებული სტუდიური ჩანაწერი კი მისი და "გრიზელდას" კიდევ ერთი წევრის, ქანვეის კოლაბორაციული მიქსტეიპის Hall & Nash მეორე ნაწილია.

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრიზელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს. 2020 წელს ვესთსაიდმა ლეიბლზე გამოცდილი დეტროიტელი ემსი, ბოლდი ჯეიმსი და ახალბედა ბუფალოელი შემსრულებელი, არმანი სეზარი გააწევრიანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული