Thumbnail

Page Six: კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთთან განქორწინება გადაწყვეტილი აქვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გაზეთ New York Post-ის მფლობელობაში არსებული ონლაინ პლატფორმის, Page Six-ის ცნობით, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ქმართან, ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან განქორწინებას აპირებს. როგორც გამოცემას წყვილთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, კიმის გადაწყვეტილებაზე გავლენა რეპერის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, განსაკუთრებით კი, აბორტთან მიმართებით არსებულმა დამოკიდებულებამ მოახდინა. ქანიემ Forbes-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრები "ეშმაკის საქმიანობას" ეწევიან, ამერიკელ წამყვან ნიკ ქენონთან საუბარში კი მან აბორტი შავკანიანთა გენოციდს შეადარა.

ნახეთ: ქანიე ვესთის უცნობი კლიპი კიმ კარდაშიანისა და კაილი ჯენერის მონაწილეობით

"კიმს განქორწინება გადაწყვეტილი აქვს. ამჟამად ელოდება, როდის გადალახავს ქანიე ბიპოლარულ ეპიზოდს", - განუცხადა Page Six-ს წყარომ.

წყვილის დაძაბულ ურთიერთობაზე წერს ჟურნალი People. როგორც გამოცემას აცნობეს, კიმისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, ქანიე წამლებს მაინც არ იღებს.

"კიმისა და ქანიეს შეთანხმება იმაში მდგომარეობდა, რომ ის პრეპარატებს მიიღებდა და ბევრს იმუშავებდა საკუთარი იმპულსების გაკონტროლებაზე. კიმს ბევრ რამეს შეჰპირდა, თუმცა, სიტყვა მაინც გატეხა", - ციტირებს ჟურნალი წყაროს.

ქანიე ოჯახთან ერთად

ქანიემ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შემდეგ, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გაამხილა, რომ პირველი შვილის, North-ის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ მან ტვიტერზე არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, მათ შორის დაწერა, რომ კიმთან განქორწინებას მას შემდეგ გეგმავდა, რაც ქალი რეპერ მიკ მილს შეხვდა სასტუმროს ნომერში. კიმი ამ ყველაფერს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და საზოგადოებას სთხოვა, გაგებით მოკიდებოდნენ ქანიეს, რომელსაც მორიგი ბიპოლარული ეპიზოდი ჰქონდა. წყვილმა ურთიერთობის დალაგებაც სცადა და აგვისტოში ოჯახური დასვენება მოიწყო დომინიკელთა რესპუბლიკაში, თუმცა, როგორც ჩანს, ამან შედეგი ვერ გამოიღო. კიმმა და ქანიემ 2014 წელს იქორწინეს, მათ 4 შვილი ჰყავთ.

რეპერმა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი 2018 წელს, სტუდიური ჩანაწერით YЕ გაამხილა, თუმცა, მანამდე საზოგადოებაში უკვე აქტიურად განიხილავდნენ რეპერის ფსიქიკურ პრობლემებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული