Thumbnail

ლედი გაგა: ჩემი ყველაზე დიდი მტერი ლედი გაგა იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, სტეფანი ჯერმანოტამ, იგივე ლედი გაგამ სამაუწყებლო კოპანია CBS-ის დილის გადაცემაში Sunday Morning ჩართვისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დეპრესიით იტანჯებოდა და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. როგორც 34 წლის არტისტმა აღნიშნა, მაშინ საკუთარ სასცენო პერსონას მტრად აღიქვამდა, რადგანაც მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო. მუსიკოსის თქმით, ბოლო ალბომში Chromatica თაყვანისმცემლებს სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იმის შესახებ მოუთხრო, თუ როგორც მოახერხა ლედი გაგას ხელახლა შეყვარება.

ნახეთ: ლედი გაგას ახალი კლიპი სერგო ფარაჯანოვის ფილმის გავლენით გადაიღეს

"ვერ ვიტანდი პოპულარობას. მეზიზღებოდა, რომ ვარსკვლავი ვიყავი. თავს გამოფიტულად და გამოყენებულად ვგრძნობდი. ჩემს პიანინოს, რომელზეც ამდენი წლის განმავლობაში უამრავი სიმღერა დავწერე, ვუყურებდი და ვფიქრობდი - შენ ჩემს ცხოვრებას ანგრევ, შენ მაქციე ლედი გაგად. ჩემი ყველაზე დიდი მტერი სწორედ ლედი გაგაა-მეთქი. მის გამო სურსათის მაღაზიაშიც კი ვერ შევსულვარ. თუ ოჯახთან ერთად ვვახშმობ, ვიღაც აუცილებლად მოვა მაგიდასთან. მათთან ერთად დროის გატარებაც კი არ შეგიძლია ისე, რომ მთავარი თემა შენ არ გახდე. ყოველთვის ყველაფერი შენ ირგვლივ ტრიალებს. შეხედე შენს ტანსაცმელს, ასე რატომ გაცვია.

Chromatica-ში ერთი სიმღერაც კი არ არის ისეთი, რომელიც რეალურ ისტორიას არ ეფუძნება. მაგალითად, 911-ის ტექსტში სიტყვები Pop a 911 იმ მედიკამენტზე მიანიშნებს, რომელსაც პანიკურ შეტევებთან გასამკლავებლად ვსვამდი. როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, შესაძლოა, სხვები ვერ ხედავდნენ. ადრე ეს სააშკარაოზე გამომქონდა, ვამბობდი - ნახეთ ჭრილობა მაქვს, ნახეთ, მტკივა. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მეგონა, ვინმე თუ შეამჩნევდა. ჩემი რეალური განცდები და აზრები სულ იმ კითხვის ირგვლივ ტრიალებდა, თუ რატომ უნდა მეარსება. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს სახლში ადამიანები სპეციალურად იმისთვის მოდიოდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ, ხომ ნამდვილად უსაფრთხოდ ვიყავი. როცა მაღაზიაში შესულს ვინმე პირდაპირ სახესთან მომიშვერდა ტელეფონის კამერას, მთელ სხეულში ტკივილს ვგრძნობდი. თავს ობიექტად აღვიქვამდი და არა პიროვნებად", - იხსენებს მუსიკოსი.

ლედი გაგას თქმით, ამ მდგომარეობიდან მუსიკაზე მუშაობამ და ალბომის გამოშვებამ გამოიყვანა.

"როგორც აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ სიცოცხლე არ მინდოდა, სიმღერების წერის უნარი მაინც მქონდა. ვიპოვე გზა, როგორ უნდა შემყვარებოდა საკუთარი თავი. ლედი გაგა აღარ მძულს. დღეს ჩემს პიანინოს ვუყურებ და ვფიქრობ - ღმერთო, როგორ მიყვარს. ის მამეტყველებს და მაწერინებს ლექსებს", - განაცხადა გაგამ.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული