Thumbnail

BTS-ის არემი: ამერიკაში უცხოპლანეტელებივით გვიყურებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ამერიკის მუსიკალურ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება. მხოლოდ 2020 წელს კოლექტივმა ბილბორდის ალბომების, ჰიტებისა და არტისტების ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო, პერფორმანსით წარდგა გრემის სცენაზე და ნიუ იორკში გამართულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე MTV Video Music Awards ოთხივე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის დასახელდა წლის საუკეთესო ჯგუფად. გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში ბიჭებმა ბოლოდროინდელ წარმატებებზე ისაუბრეს და უპასუხეს კითხვას, რა მოლოდინი აქვთ გრემის მომავალ ცერემონიასთან დაკავშირებით.

ნახეთ: BTS-მა America's Got Talent-ში ჰიტი Dynamite შეასრულა

რაში დახარჯა BTS-ის არემმა $85 000 საკუთარ დაბადების დღეზე

BTS-ის არემი: შიშის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი იქნება კონცერტების მომავალი

"იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკულ ბაზარზე უცხოპლანეტელებივით ვართ, არ ვიცით, არის თუ არა იქ ჩვენი ადგილი. გრემი ბილბორდის ცხელ ასეულს არ ჰგავს, იქ გაყიდვების მაჩვენებელი არ არის გადამწყვეტი. არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ მაინც ვოცნებობთ - გრემის ჯილდო, სოლო პერფორმანსით გამოსვლა, ეს ჩვენთვის კვლავ ოცნებებად რჩება. ამიტომაც, ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. იმედი გვაქვს, ოდესმე აკადემიის წევრების გულებამდეც მივაღწევთ", - აღნიშნა 26 წლის მუსიკოსმა.

ბიჭები ცოტა ხნის წინ გამოცემა Associated Press-საც გაესაუბრნენ. კითხვაზე, გრძნობენ თუ არა აშშ-ში უფრო და უფრო მეტ პატივისცემას, არემმა უპასუხა:

"ამას ნამდვილად ვგრძნობთ. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა კულტურას გვაქვს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან კეთილგანწყობის გამოვლენა. თავდაპირველად ამერიკელებს ვეუცხოვებოდით - განსხვავებულად გამოვიყურებით, სხვანაირად ვმღერით და ვცეკვავთ, ჩვენი მუსიკალური ვიდეოებიც განსხვავებულია ისევე, როგორც სხვა ყველაფერი - ცხოვრების სტილიც კი. მაგრამ, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში შოუებში, კონცერტებსა და მუსიკალურ დაჯილდოებებზე ჩვენი გამოჩენა მეტი ადამიანისთვის ხდება მისაღები. თითქოს უფრო მეტად გაგვიგეს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, სინამდვილეში ზუსტად ამის მიღწევა გვსურდა".

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. ეს კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200, Billboard Artist 100 და Billboard Hot 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, BTS გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული