Thumbnail

კრისტინა აგილერა: არ მგონია, რომ მადონას კოცნით რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, კრისტინა აგილერა რადიოსადგურ Apple Music-ს სტუმრობდა. ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან დიალოგისას, მომღერალმა პოპკულტურის დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა 2003 წელს MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე წარმოდგენილი პერფორმანსი, როდესაც მან და ბრიტნი სპირსმა მადონას აკოცეს.

ნახეთ: კრისტინა აგილერამ კიმელის შოუში კომპოზიცია Loyal Brave True შეასრულა

"ამის ხილვამ ხალხი შოკში ჩააგდო. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მიფიქრია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ორმა ქალმა ერთმანეთს აკოცა - რა მოხდა? ახლაც არ მგონია, რომ ეს შოკისმომგვრელი იყო", - ამბობს აგილერა.

მომღერალმა ინტერვიუში აგრეთვე განაცხადა, რომ მადონამ მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"მადონა, პირველ რიგში, საკუთარი თავის აქტუალურობის შენარჩუნების დედოფალია, რაც დიდ შთაგონებას მაძლევს. ბავშვობაში მისი მოსმენის უფლებას არ მაძლევდნენ. როდესაც გავიზარდე, მოვუსმინე, მისი ვიდეოებიც ვნახე და აღმოვაჩინე, რომ მადონას ბევრი ჰქონდა სათქმელი", - დაამატა შემსრულებელმა.

კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული