Thumbnail

მერილინ მენსონი: ოზი ყოველთვის ძალიან მშვიდი და საინტერესო პიროვნება იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მერილინ მენსონმა ჟურნალ Consequence of Sound-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა გავლენა მოახდინა მის კარიერაზე ლეგენდარულმა ბრიტანელმა არტისტმა, ოზი ოსბორნმა. როგორც მერილინმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ოზიმ გადაწყვიტა, მისი ცხოვრების დეტალები MTV-ს რეალითი შოუში The Osbournes გაესაჯაროვებინა, მის პერსონას მისტიკურობა არ დაუკარგავს.

მოუსმინეთ: მერილინ მენსონმა ალბომი We Are Chaos გამოუშვა

"მახსოვს, სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი, როცა ოზის სადებიუტო სოლო ალბომის Blizzard of Ozz საყიდლად დედაჩემმა მუსიკალურ მაღაზიაში წამიყვანა. ამ ნამუშევრის შეძენა ჩემს სკოლაში მიუღებელი და აკრძალული იყო. მეათე კლასში კედელზე სინგლის Shot in the Dark პოსტერი მქონდა გაკრული. კარგად დამამახსოვრდა ოზის უცნაური მისტიკურობა, რომელიც მაშინაც შეინარჩუნა, როდესაც რეალითი შოუში მონაწილეობდა. მისმა მუსიკამ ეს შოუ გადაწონა. მე ასეთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას არ მივიღებდი - არასდროს მქონია სურვილი, ჩემი პირადი ცხოვრება საჯაროდ მეჩვენებინა. მაგრამ მისი მუსიკა ასეთ რამეებს ათასჯერ აღემატება, რაც ყოველთვის მაოცებდა.

არაჩვეულებრივი იქნებოდა ოზისთან ერთად ტურნეში წასვლა. ის ყოველთვის ძალიან წყნარი და საინტერესო პიროვნება იყო. უცნაურია, მაგრამ მე და ის ფერწერის სიყვარულმა დაგვაახლოვა", - გაიხსენა მერილინმა.

აღსანიშნავია, რომ მენსონს 2020 წელს ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ ტურნეში No More Tours II უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, კონცერტები ოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე გაუქმდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული