Thumbnail

ადვოკატი: ბრიტნი სპირსს სცენაზე დაბრუნების სურვილი არ აქვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სასამართლოში ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნის საკითხი განიხილება. როგორც ცნობილია, მუსიკოსს არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით უკვე 12 წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული. დასავლური გამოცემები წერენ, რომ მამამისმა, ჯეიმი სპირსმა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ბრიტნის აქტივების ერთადერთი მმართველია, მოსამართლეს კიდევ ერთი ნდობით აღჭურვილი პირის, ენდრიუ ვალეტის დამატების თხოვნით მიმართა, რომელიც ბრიტნის ქონებასა და შემოსავლებს 2008-2019 წლებში განაგებდა.

ბრიტნი სპირსი: მუდმივად კითხვებია - რამ დააბერა ასე? რატომაა ასეთი გამხდარი?

ნახეთ: ბრიტნი სპირსის სახლი 6,8 მილიონ დოლარად იყიდება

TMZ-ის მიერ მოპოვებული იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, 38 წლის არტისტი ვალეტის დანიშვნას ეწინააღმდეგება, რადგანაც მისთვის წელიწადში ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებს, თავად კი სცენაზე დაბრუნებისა და თანხის გამომუშავების სურვილი არ აქვს.

"დოკუმენტებში, რომლებიც ადვოკატმა სასამართლოში ორშაბათს შეიტანა, ნათქვამია, რომ ბრიტნიმ შემოქმედებითი საქმიანობა დაასრულა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ამასთან, ის თვლის, რომ მამამისი მის ფინანსურ მდგომარეობას აიგნორებს, როცა ენდრიუ ვალეტის დაბრუნებას ითხოვს. როგორც სპირსი აღნიშნავს, ენდრიუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარს იღებდა ჰონორარის სახით, რასაც ბრიტნი, შემცირებული ქონების გათვალისწინებით, ვეღარ გაწვდება", - წერს TMZ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემა ET-თან საუბარში არტისტის მამამ, ჯეიმიმ განმარტა, რომ მისი შვილის ნდობით აღჭურვილი პირების სიაში ენდრიუ ვალეტის დამატება სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობის შეწყვეტის გამო მომღერლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი.

ET-ისვე ცნობით, თავად ბრიტნის სურს, მისი შემოსავლების განკარგვა პროფესიონალი ფინანსისტების გუნდს დაევალოს და არა კონკრეტულ ადამიანს.

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად

ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსს აღარ სურდა, მისი ქონების ერთადერთი მმართველი მამამისი ყოფილიყო. დასავლურ მედიაში ასევე დაიწერა, რომ ბრიტნი მომავალში ამ მეურვეობის საერთოდ გაუქმების შესაძლებლობასაც განიხილავდა.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მამასა და ადვოკატს მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება 2008 წელს მიენიჭათ. შარშან ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული