Thumbnail

მადონა მის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორი თავად იქნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კინოსტუდია Universal Pictures ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს. სურათის რეჟისორი მომღერალი თავად იქნება. სცენარზე კი ის ოსკაროსან დიაბლო კოდისთან ერთად იმუშავებს. სურათის პროდიუსერი კინოაკადემიის ჯილდოს სამგზის ნომინანტი ემი პასკალია, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე უმუშავია, როგორებიცაა: Spider-Man: Into the Spider-Verse, Little Women, Venom და სხვები.

ნახეთ: როგორ აღნიშნა მადონამ 62-ე დაბადების დღე

Madonna: ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო რუსეთმა მილიონით დამაჯარიმა

"მინდა, იმ არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოგზაურობის შესახებ მოგითხროთ, რომელიც, როგორც არტისტს, მუსიკოსსა და მოცეკვავეს გადამხდა. ეს იქნება ადამიანის ისტორია, რომელიც ცდილობდა, საკუთარი გზა ეპოვა. ფილმში მთავარი აქცენტი, ცხადია, მუსიკაზე იქნება გაკეთებული. სწორედ მისი დამსახურებით ვარ დღეს ცოცხალი. ბევრი ისეთი რამაა მოსაყოლი, რაც არ იცით. ვინ მოგითხრობთ უფრო უკეთ, თუ არა მე", - ამბობს მადონა.

ცნობილია, რომ არტისტი ფილმში თავად არ ითამაშებს. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ვარაუდი, რომ მის როლზე ამერიკელი მსახიობი, ჯულია გარნერი განიხილება, რადგანაც მომღერალმა მისი ინსტაგრამის გვერდი ცოტა ხნის წინ გამოიწერა.

აღსანიშნავია, რომ 1991 წელს პოპის დედოფლის შესახებ დოკუმენტური ფილმი Madonna: Truth or Dare შექმნეს. მისი ავტორი სომხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, ალეკ კეშინიანი გახლავთ. ნამუშევარი მადონას საკონცერტო ტურნეს Blond Ambition World Tour პერიოდში არტისტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული