Thumbnail

მუსიკოსები, რომლებსაც Umbrella-ს შესრულება რიანამდე შესთავაზეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას რიგით მესამე სტუდიური ალბომის Good Girl Gone Bad სინგლი Umbrella შემსრულებლის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ჰიტს, რომელშიც გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი Jay-Z მონაწილეობს, დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და, სხვა არაერთ ჯილდოსთან ერთად, მან მომღერალს პირველი გრემიც მოაპოვებინა. თუმცა, მანამ კომპოზიციის ავტორები რირის დაუკავშირდებოდნენ, მის შესრულებაზე უარი ორი ცნობილი მუსიკოსისგან მიიღეს.

ფოტოგალერეა: რიანა ლონდონში მდებარე სახლს $41 მილიონად ყიდის

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

სიმღერა თავდაპირველად პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსისთვის დაიწერა, თუმცა, მისმა ლეიბლმა ნამუშევარი დაიწუნა. ამის შემდეგ Umbrella-ს შესრულება ცნობილ მომღერალ მერი ჯეი ბლაიჯს შესთავაზეს, რაც მან ახლახან დაადასტურა Bravo TV-ის გადაცემაში Watch What Happens Live ჩართვისას.

"ეს გრემის დაჯილდოების წინა პერიოდში მოხდა. რვა ნომინაციაზე ვიყავი წარდგენილი და ცერემონიისთვის ვემზადებოდი. როცა Umbrella შემომთავაზეს, მასზე სამუშაოდ დრო ვერ გამოვნახე, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდებოდა. გავიფიქრე - იცი, რა? მაინც არ შემეფერება ეს სიმღერა-მეთქი", - აღნიშნა მუსიკოსმა.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ნანობს, რომ ასეთი წარმატებული კომპოზიციის შესრულებაზე თქვა უარი, არტისტმა უპასუხა:

"არა, რადგან ეს სიმღერა რიანასთვის იყო ზედგამოჭრილი, მას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემთან".

Umbrella და მასზე გადაღებული კლიპი 2007 წელს გავრცელდა. კომპოზიციამ MTV Video Music Awards-ზე ორ კატეგორიაში გაიმარჯვა და გრემის ჯილდო მიიღო საუკეთესო რეპ/სასიმღერო კოლაბორაციის ნომინაციაში. ჟურნალმა Rolling Stone ის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის დაასახელა, გამოცემამ Entertainment Weekly კი 2007 წლის 10 საუკეთესო სინგლის ჩამონათვალში პირველ პოზიციაზე გაიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული