Thumbnail

ნოელ გალაჰერმა განმარტა, რატომ არ იკეთებს პირბადეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა მეთ მორგანის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პირბადის გამოყენებას არ აპირებს, რადგანაც ამით მისი თავისუფლება იზღუდება.

ნოელ გალაჰერი: Oasis-ის წევრები მუსიკაში ზედმეტად კონსერვატიულები იყვნენ

"ეს ყველაფერი სისულელეა. ვალდებული ხარ, სავაჭრო ცენტრში გეკეთოს პირბადე, როდესაც თავისუფლად შეგიძლია, შეხვიდე პაბში და ათასი ნაბიჭვრის გარემოცვაში იყო. რას გვეუბნებიან - რომ ბარებში არა, მაგრამ მაღაზიებშია ვირუსი გავრცელებული? ამას წინათ, მატარებლით მანჩესტერში მივდიოდი და მითხრეს, რომ ნიღაბი აუცილებლად უნდა მკეთებოდა, თორემ პოლიცია მოვიდოდა და ათასი გირვანქა სტერლინგით დამაჯარიმებდა. თუმცა, შემეძლო, ის ჭამის დროს მომეხსნა. ვუპასუხე: "მკვლელი ვირუსი მთელ მატარებელს გამოივლის იმისთვის, რომ დამაინფიციროს, მაგრამ დაინახავს სენდვიჩს და უკან წავა, უი, ამ ადამიანს ლანჩი აქვსო?". ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს სცდება - თავისუფლებას გვართმევენ. არ მაინტერესებს ამათი სისულელეები. ჩემი არჩევანია, რომ პირბადეს არ ვატარებ და თუ დამემართება COVID-19, ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა იქნება, არავისი სხვისი", - ამბობს ნოელი.

რაც შეეხება არტისტის ძმას, ლიამ გალაჰერს, მიმდინარე წლის ივლისში მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა სამედიცინო ნიღბის ტარებაზე, რაზეც უპასუხა:

"პირბადე არ მომწონს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვეკეთოს".

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულოა. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 11 წლამდე ბავშვები და ის პირები, რომელთა ჯანმრთელობასაც პირბადის გამოყენებით საფრთხე ექმნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 374 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 41 600-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ, ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა. ერთი წლის შემდეგ ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული