Thumbnail

სახელოვანი კომპტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, აარონ ტაილერი, ფსევდონიმით MC Eiht, მსმენელს მორიგ ტრეკს Neighborhood Looks სთავაზობს. დასავლელი რეპერის ახალ ჩანაწერში ლეგენდარული ნიუ იორკული დუეტის Mobb Deep წევრი, ჰევოქი და ვეტერანი კალიფორნიელი შემსრულებელი, ქურაფთი მონაწილეობენ. კომპოზიცია ემსი ეითის მომავალი ალბომის Lessons ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: MC Eiht, Conway და DJ Premier ვიდეოს Honcho ავრცელებენ

ემსი ეითი დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპის ლეგენდა და გენგსთა რეპის ერთ-ერთი პიონერია. მან მუსიკალური კარიერის დაწყება მეგობრის, ემსი რენის გავლენით გადაწყვიტა, რომელიც იმ დროისთვის ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების N.W.A წევრი გახლდათ. 1988 წელს აარონმა კოლექტივი Compton's Most Wanted ჩამოაყალიბა. ჯგუფის მუსიკა ლოკალურ სცენას მალევე მოედო და N.W.A-სთან ერთად კალიფორნიული გენგსთა რეპის ერთ-ერთ ფლაგმანად იქცა.

გაერთიანებაში მოღვაწეობის პარალელურად, 1994 წელს, ემსი ეითმა, რომელიც არაერთი კოლეგის შთაგონების წყარო გახდა, სოლო კარიერა დაიწყო. ამავე წლის მისმა სადებიუტო ალბომმა We Come Strapped კომერციული წარმატება და მუსიკის კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. მას შემდეგ აარონმა მსმენელს 13 სტუდიური ნამუშევარი და 3 კოლაბორაციული ალბომი შესთავაზა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, არტისტი რვა ფილმშია გადაღებული. მას განსაკუთრებული პოპულარობა 1993 წლის კრიმინალურმა დრამამ Menace II Society მოუტანა. კინოსურათი კალიფორნიის გეტოების ყოველდღიურობას ასახავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული