Thumbnail

ქანიე ვესთი: მე ახალი მოსე ვარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის განცხადებით, ის შეწყვეტს ახალი ნამუშევრების გავრცელებას მანამ, სანამ ლეიბლებთან Universal Music და Sony გაფორმებულ კონტრაქტებს ვადა არ ამოეწურება. ამის შესახებ მუსიკოსმა ტვიტერზე დაწერა, თუმცა, მოგვიანებით პოსტი წაშალა.

ქანიე ვესთი: 2009 წელს ღმერთმა მიმითითა, რომ ტეილორთან სცენაზე ავვარდნილიყავი

"ახალ მუსიკას აღარ გავავრცელებ, მანამ ლეიბლებთან Sony და Universal დადებულ ხელშეკრულებებს ვადა არ გაუვა. ღმერთის სახელით. მოდით და დამიჭირეთ", - წერდა ვესთი სოციალურ ქსელში.

ქანიემ აგრეთვე განაცხადა, რომ აპირებს ზემოხსენებულ ლეიბლებთან სხვა არტისტების მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს გადახედოს.

"არ ვაპირებ, ვუყურო ხალხის დამონებას. მათ დასახმარებლად ჩემს ცხოვრებას საფრთხეში ვაგდებ. მუსიკის ინდუსტრია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) მონებით დატვირთული ხომალდია, მე კი ახალი მოსე ვარ", - დაწერა ქანიემ.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული