მუსიკალური ინდუსტრიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მას არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი მიღწევა უკავშირდება. ჩვენს სტატიაში ცნობილი არტისტების მიერ დამყარებულ ათ რეკორდს გაგაცნობთ.
10. Eminem
ლეგენდარულ დეტროიტელ ჰიპ ჰოპ არტისტს ჰიტად ქცეული სინგლის ტექსტში ყველაზე მეტი სიტყვის გამოყენების რეკორდი ეკუთვნის. კომპოზიციაში Rap God ემინემმა ექვსი წუთისა და ოთხი წამის განმავლობაში 1560 სიტყვის წარმოთქმა მოასწრო, რაც წამში საშუალოდ 4.28 სიტყვას უდრის.
9. Napalm Death
ბრიტანულ მეტალ კოლექტივს მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ჩანაწერი ეკუთვნის. მსოფლიო რეკორდის მფლობელი კომპოზიციის You Suffer ხანგრძლივობა მხოლოდ 1.316 წამს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ჯგუფმა ეს ნამუშევარი ცალკე სინგლადაც კი გამოსცა.
8. Jean-Michel Jarre
ელექტრონული მუსიკის ფრანგმა პიონერმა, ჟან-მიშელ ჟარმა 1997 წლის 6 სექტემბერს ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი კონცერტი ჩაატარა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსეთის დედაქალაქის დაარსებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შოუზე დამსწრეთა რაოდენობა 3.5 მილიონს აღემატებოდა.
7. Metallica
2013 წლის 8 დეკემბერს Metallica მუსიკის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ბენდი გახდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში კონცერტი დედამიწის ყველა კონტინენტზე ჩაატარა. მათ მიერ ანტარქტიდაში, კარლინის სამეცნიერო სადგურის ტერიტორიაზე გამართულ შოუს 120 მსმენელი ესწრებოდა.
6. Pink Floyd
ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის მიერ 1973 წელს გამოცემული ალბომი Dark Side of the Moon ბილბორდის ჩარტში ადგილს მთელი 741 კვირის განმავლობაში, 1988 წლამდე ინარჩუნებდა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად მიიჩნევა.
5. Michael Jackson
გასაკვირი არაა, რომ მუსიკის ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ალბომი პოპის მეფეს ეკუთვნის. მაიკლ ჯექსონის მეექვსე სტუდიური ჩანაწერის Thriller გამოსვლიდან დღემდე მისი 66 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
4. George Gershwin
ყველაზე ხშირად გადამღერებული კომპოზიცია ამერიკელი კომპოზიტორის, ჯორჯ გერშვინის უკვდავი ჰიტი Summertime გახლავთ. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, 1934 წელს შექმნილი ნაწარმოების საკუთარი ვერსია სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე არტისტებმა დაახლოებით 67-ათასჯერ ჩაწერეს.
3. Katie Melua
2006 წლის 2 ოქტომბერს ზღვის დონიდან 303 მეტრის სიღრმეზე გამართული კონცერტით გინესის რეკორდსმენი ქეთი მელუა გახდა. ქართული წარმოშობის ბრიტანელი შემსრულებელი მსმენელთა წინაშე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ნორვეგიულ ნავთობის პლატფორმაზე წარდგა.
2. Luis Fonsi & Daddy Yankee
პუერტორიკოელი პოპ შემსრულებლის, ლუის ფონსისა და ჰიჰ ჰოპ არტისტ Daddy Yankee-ს ერთობლივი ნამუშევარი Despacito იუთუბზე ყველაზე მეტი ნახვის მქონე ვიდეორგოლია. ჩვენი სტატიის დაწერის დროისთვის პლატფორმის მომხმარებლებმა კლიპი დაახლოებით 7-მილიარდჯერ ჩართეს.
1. Bing Crosby
კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი ჯერ კიდევ მაშინ ჩაიწერა, როდესაც მუსიკალური ჩარტების ცნება საერთოდ არ არსებობდა. ამერიკელი შემსრულებლის, ბინგ ქროსბის 1942 წლის საახალწლო ჰიტი White Christmas მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
კომენტარები