Thumbnail

კორონავირუსის გამო Fender-ის გიტარების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გიტარების მწარმოებელი ბრენდები ბიზნეს საქმიანობების იმ მცირე ჩამონათვალში მოხვდნენ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ ვერ დააზარალა და მეტიც, მათ გაყიდვებს შეუწყო ხელი. როგორც გაზეთ New York Times-ს კომპანია Fender-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი მუნიმ განუცხადა, მიმდინარე წელს იმაზე მეტი გიტარა გაიყიდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს კომპანიის არსებობის ისტორიაში.

მუსიკალური ჟანრი, რომლის მოსმენებიც კორონავირუსმა შეამცირა

"2020 წელი გაყიდვების თვალსაზრისით Fender-ის ისტორიაში უპრეცედენტო იქნება. ონლაინ გაყიდვებმა რეკორდულად იმატა. ჯერ კიდევ მარტში რომ გეკითხათ ჩემთვის, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იქ აღმოვჩნდებოდით, სადაც დღეს ვართ", - ამბობს ენდი მუნი.

გამოცემისვე ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი Gibson-ის, Taylor-ის, Martin-ისა და სხვა ბრენდების გაყიდვების მაჩვენებელიც. როგორც New York Times გიტარის მწარმოებლებსა და მოვაჭრეებზე დაყრდნობით წერს, პანდემიის პირობებში ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლით.

"ახალგაზრდებს, რომელთა შორისაც უმრავლესობა გოგონაა, დიდი წვლილი შეაქვთ გიტარების გაყიდვების მატებაში. ისინი დაინტერესდნენ იმ ინსტრუმენტით, რომლითაც აღფრთოვანებული იყო მათი მშობლების თაობა, აღმოაჩინეს 6-სიმიანი თერაპია", - წერს New York Times.

აღსანიშნავია, რომ Fender-მა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დროს ვებგვერდის 100 000 იღბლიან მომხმარებელს გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი ონლაინ გაკვეთილები 3 თვით უფასოდ შესთავაზა.

COVID-19-ის გავრცელებამდე გიტარის მწარმოებელი კომპანიები ჩიოდნენ, რომ მათი გაყიდვები თანდათანობით იკლებდა. ამ თემას სხვადასხვა გამოცემამ არაერთი გვერდი დაუთმო. მაგალითად, გაზეთ The Washington Post-ში დაიბეჭდა სტატია ჰედლაინით - "რატომ ტირის ჩემი გიტარა - რატომ უნდა გაღელვებდეთ 6-სიმიანი ელექტროგიტარის ნელი, საიდუმლო სიკვდილი".

კომენტარები

ბოლოს დამატებული