Thumbnail

დეტექტივი: ემინემის სახლში შეჭრილი მამაკაცი მის მოკვლას აპირებდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

26 წლის მამაკაცი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ეპოქალური ემსის, მარშალ მეზერსის, იგივე ემინემის სახლში შეიჭრა, რეპერის მოკვლას გეგმავდა. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა, ადამ ჰექსთოქმა განაცხადა.

ნახეთ: ემინემმა ფავორიტი რეპერები დაასახელა

ნახეთ: 50 Cent ემინემისგან მიღებულ ბოლო მესიჯს კითხულობს

"როდესაც მძინარე ბატონმა მეზერსმა გამოიღვიძა, მეთიუ ჰიუზი თავისი ბიძაშვილი ეგონა. როგორც კი მიხვდა, რომ ოთახში უცნობი მამაკაცი იმყოფებოდა, ჰკითხა, რას აკეთებდა მის სახლში. ბრალდებულმა კი მიუგო, რომ მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული", - მიმართა მოსამართლე ჯეიკობ ფემინინეოს დეტექტივმა.

იუთუბზე სასამართლო სხდომის სრული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. თავად რეპერი პროცესზე არ გამოჩენილა.

"ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ფსიქიკურ პრობლემასთან", - ავრცელებს გამოცემა Associated Press მეთიუ ჰიუზის ადვოკატის, პოლ გლანდას სიტყვებს.

არსებული ინფორმაციით, 4 აპრილს, დილის 04:00 საათზე ჰიუზი დეტროიტში, რეპერის სახლში ფანჯრიდან გადაიპარა, რა დროსაც სიგნალიზაცია ჩაირთო და ემინემს გამოეღვიძა. წყაროს ცნობით, დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციის გამოჩენამდე, მარშალს ბრალდებულთან გამკლავება თავად მოუხდა. მეთიუ იმ დღესვე დააკავეს. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომდევნო სასამართლო სხდომა 28 სექტემბერსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ მეთიუ ჰიუზი მუსიკოსის სახლთან 2019 წლის ზაფხულშიც მივიდა. კადრები გამოცემა TMZ-მ მოიპოვა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული