Thumbnail

ვინ არიან ეპოქალური ალბომების ყდაზე გამოსახული ადამიანები?

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

არცთუ იშვიათად, პოპულარული არტისტების მიერ გამოცემული ალბომების გარეკანზე მუსიკოსების ნაცვლად სრულიად სხვა პიროვნებები ხვდებიან, რომელთა ვინაობა ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ შვიდი ეპოქალური ალბომის ყდაზე გამოსახულ ადამიანებს გაგაცნობთ.

7. The Notorious B.I.G. - Ready to Die (1994)

კრისტოფერ უოლესის სადებიუტო ალბომი Ready to Die ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად ითვლება. ნამუშევრის გამოსვლისთანავე მის გარეკანზე გამოსახული ბავშვის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა, სიმართლე კი მხოლოდ 2011 წელს გაირკვა - ყდაზე ნიუ იორკელი კითროი იარვუდია აღბეჭდილი, რომელმაც მტკიცებულების სახით ფოტოსესიისას გადაღებული სხვა სურათები და კასტინგში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთები წარმოადგინა. თავის დროზე, კითროის მშობლებმა ანაზღაურების სახით მხოლოდ 150 დოლარი მიიღეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ეპოქალური ალბომის ყდაზე აღმოჩენა მისთვის ისედაც დიდი პატივი იყო.

6. Nirvana - Nevermind (1991)

საკულტო გრანჟ კოლექტივის მეორე სტუდიურ ალბომს Nevermind როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარეკანი ამშვენებს. თავდაპირველად, ბენდის ფრონტმენ კურტ კობეინს ნამუშევრისთვის წყალში მშობიარობის ამსახველი ფოტოსურათის გამოყენება სურდა, თუმცა ეს იდეა ლეიბლის წარმომადგენლებმა დაიწუნეს. საბოლოოდ კი, ყდაზე ანკესზე წამოცმული ერთდოლარიანი კუპიურისა და ჩვილის ფოტო აღმოჩნდა, რომელიც ფოტოგრაფ კირკ ვედლის ახლო მეგობრის შვილი, ოთხი თვის სპენსერ ელდენი გახლდათ. ეს უკანასკნელი დღესდღეობით მხატვარია, "ნირვანას" ხშირად უსმენს და ეპოქალური ჩანაწერის სახელწოდება სხეულზე აქვს ამოსვირინგებული.

5. Pink Floyd - Wish You Were Here (1975)

ბრიტანული როკ ბენდის მეცხრე სტუდიური ალბომის Wish You Were Here გარეკანზე პროფესიონალი კასკადიორები, დენი როჯერსი და რონი რონდელი არიან აღბეჭდილნი. დიზაინერ ობრი პაუელის თქმით, გარიგების სცენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ცეცხლშია გახვეული, სიმბოლურად მუსიკალური ინდუსტრიის ბოსების მხრიდან არტისტების ექსპლუატაციაზე მიანიშნებდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოსესიის მიწურულს ამოვარდნილი ქარის გამო რონდელს წარბი და ულვაშის ნაწილი დაეწვა. როგორც ეს უკანასკნელი იხსენებდა, ინციდენტს მასზე დიდად არ უმოქმედია და მხოლოდ იმაზე სწყდებოდა გული, რომ საზოგადოებას მისი სახელი მხოლოდ ამ ყდით ახსოვდა და არა მხატვრულ ფილმებში შესრულებული შთამბეჭდავი ილეთების ხარჯზე.

4. Various Artists - Woodstock: Music From the Original Soundtrack and More (1970)

ნიუ იორკის შტატის ქალაქ ვუდსტოკთან 1969 წელს გამართული ფესტივალი, რომელშიც ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, კარლოს სანტანა და სხვა ლეგენდარული არტისტები მონაწილეობდნენ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად იქცა. კონცერტზე შესრულებული კომპოზიციებისგან შედგენილი ალბომის ყდისთვის ბარკ აზლის მიერ გადაღებული ფოტო გამოიყენეს. მასზე გამოსახული წყვილის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა, სანამ ფესტივალის ოცი წლის იუბილეზე გამოცემამ Life არ გაარკვია, რომ ისინი ბობი კელი და ნიკ ერკოლაინი იყვნენ, რომლებმაც 1971 წელს იქორწინეს. ისინი დღემდე ერთად, ღონისძიების ლოკაციიდან სულ რაღაც ორმოცი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ.

3. The Smiths - The Queen is Dead (1986)

მანჩესტერული როკ ბენდისთვის საკუთარი ალბომებისა და სინგლების ყდაზე ცნობილი თუ რიგითი ადამიანების ენიგმატური ფოტოსურათების გამოსახვა საფირმო ხელწერას წარმოადგენდა. კოლექტივის ნამუშევრებს შორის ჩვენს სტატიაში შესატანად ეპოქალური ჩანაწერის The Queen is Dead გარეკანი შევარჩიეთ, რომელზეც არც მეტი, არც ნაკლები, ალენ დელონი გახლავთ აღბეჭდილი (1964 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის L'Insoumis ერთ-ერთი ფინალური კადრი). როგორც ჯგუფის ფრონტმენი, მორისი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, ფრანგმა მსახიობმა მას სურათის გამოყენების უფლება იმ წერილით მისცა, რომელშიც ასევე აღნიშნა, რომ არ ესმოდა, რატომ უნდა დარქვა ვინმეს საკუთარი ალბომისთვის "დედოფალი მკვდარია".

2. Funkadelic - Maggot Brain (1971)

ამერიკული კოლექტივის მესამე სტუდიური ალბომი Maggot Brain სამართლიანად ითვლება ფანკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად. ადრენალინითა და შამანური ენერგიით დამუხტული ნამუშევრის ვიზუალური გაფორმება მის ჟღერადობასა და განწყობას იდეალურად შეეფერება. ფოტოზე 1970-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული აფროამერიკელი მოდელი, ბარბარა ჩიზბოროა გამოსახული. ეს უკანასკნელი მოდის სამყაროში აფროცენტრისტული ესთეტიკის ერთ-ერთ პიონერი იყო და მისი სურათი "ფანკადელიკის" საკულტო ჩანაწერის გარდა, სხვადასხვა დროს "კოსმოპოლიტენის", "ჰარპერ ბაზარისა" და სხვა პრესტიჟული გამოცემების ყდებსაც ამშვენებდა.

1. U2 - War (1983)

ირლანდიური როკ ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომის War (ინგლისურად: ომი) სათაური 1982 წელს ფოლკლენდის კუნძულებზე, სამხრეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ სამხედრო კონფლიქტებზე მიანიშნებდა. სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის Boy და მინი ალბომის Three მსგავსად, ჩანაწერის გარეკანზე კოლექტივის წევრებმა მათი ახლო მეგობრისა და დუბლინური პოსტ პანკ ჯგუფის Virgin Prunes წევრის, დერეკ როუენის უმცროსი ძმა, პიტერი გამოსახეს. დღეს უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი U2-ს მიერ გამოცემული სხვა არაერთი კომპილაციისა თუ სინგლის ყდაზეცაა აღბეჭდილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული