Thumbnail

არქივი: Kung Fu Junkie-ის პირველი დემო ჩანაწერი "Dance აერობიკა" (2007)

პოპულარული ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების მიერ 2007 წელს გავრცელებული სიმღერა "Dance აერობიკა" პირველი ჩანაწერია, რომლითაც მსმენელებს მათი შემოქმედების გაცნობის საშუალება მიეცათ. 

იმ დროისთვის სხვადასხვა პროექტში მოღვაწე მუსიკოსების, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის (Parfumeria), ზურა ჯიშკარიანის (Eva), არჩილ ქელბაქიანისა (Vietnam Radio) და ამიკო ნინუას (MC Cutkill) მიერ ჩაწერილი დემო ვებპორტალზე forum.ge აიტვირთა. 

Kung Fu Junkie-ის მომავალი წევრების, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩისა და ზურა ჯიშკარიანის მიერ 2007 წელს თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტები. 

Kung Fu Junkie 2007 წელს თაზო ლიპარტელიანმა, იგივე გრინჩმა ჩამოაყალიბა. მის გარდა, კოლექტივში ზურა ჯიშკარიანი (Next Dila), ამიკო ნინუა (MC Cutkill) და არჩილ ქელბაქიანი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი მალევე თემო ეზუგბაიამ (Vinda Folio) შეცვალა, მოგვიანებით კი ჯგუფს მაქსიმე მაჩაიძე დაემატა. 2011 წელს გერმანულ ლეიბლზე Progrezo Records მუსიკოსების სადებიუტო EP სახელად Dance 2 the Light გამოიცა, რასაც ერთი წლის შემდეგ საქართველოში გამოშვებული სინგლი Yoshiwara Bitch და EP Summer in the Sky, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული კონცერტის DVD მოჰყვა. 2016 წელს, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებამ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული