Thumbnail

კატა კიბერნეტიკული ხილვებით - ზურა ჯიშკარიანი და მისი მუსიკა

რეზი ხუნწელია პროფილის ფოტო
რეზი ხუნწელია

"ეს დემო გაკეთებულია თვითმფრინავში მოსასმენად, როცა ეცემი ზევით… შემდეგში იქნება დისკო, ჰიპ ჰოპი, გრანჟი და სხვა ბურჟუაზიული მუსიკალური სტილების გამოყენება კოსმიური ხილვების გადმოსაცემად ადეკვატურ ენაზე".

2007 წელს, როდესაც ადამიანებს ქართული ფორუმის ძალის ჯერ კიდევ სჯეროდათ, მომხმარებელი სახელად Kafka (წევრი No.: 18130) ამ კომენტარით ეხმაურებოდა მომხმარებელ Parfumeria-ს (წევრი No.: 28240) მიერ ატვირთულ სიმღერას "Dance აერობიკა". ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ გავიგებდით, რომ Kafka უფლის ზარმაცი მონის, მეხუთე თაობის სუფთა სისხლის განგსტერის, კიბერნეტიკული ხილვებითა და მარსივით წითელი სისხლით გამორჩეული ორი გეტოს პრინცის პირდაპირი შთამომავალია.

ჯგუფ Kung Fu Junkie-ის კონცერტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, 2011. ფოტო: ომარა გოგიჩაიშვილი

როდესაც თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ, ზურა ჯიშკარიანის სახელის იგნორირება შეუძლებელია და ამაში განსაკუთრებულიც არაფერია - მან ხომ საკუთარი პროექტებით ადგილობრივი სცენის განვითარებაში ძალზე დიდი წვლილი შეიტანა. ამ სტატიის მიზანიც არა მორიგი ცხელი ათეულის შემოთავაზება, არამედ ერთი კონკრეტული არტისტის შემოქმედების მიმოხილვა და მისი პრიზმიდან იმ სამყაროს დანახვაა, რომელშიც ბოლო 15 წელია ვცხოვრობთ.

ზურა ჯიშკარიანის 5 საყვარელი სიმღერა

10. iERAKLA ft. Next Dilla - ჭეშმარიტებ

- მე "ჭეშმარიტება" მენანება, შენ არა?
- მეც მენანება.

რედაქტორთან ამ მარტივი დიალოგის შემდეგ გადაწყდა, რომ გამონაკლისი დაგვეშვა და სტატიაში ერთი პროექტის მიერ ჩაწერილი ორი სიმღერა შეგვეტანა. ერთი მათგანი სიას გახსნის, მეორე კი დახურავს. ახლა კი მიზეზი, თუ რატომ დამენანა "ჭეშმარიტება" და არა სხვა ის სიმღერები, რომლებიც, შესაძლოა, არანაკლები წარმატებით იმსახურებდნენ ამ საკამათო ათეულში მოხვედრას.

როდესაც ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე შენი სათქმელი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გითქვამს და ამ სცენის საკულტო ფიგურას, ქიშო გლუნჩაძეს ეხები, ან ძალიან რისკიანი ხარ, ან ზუსტად იცი, რისი გაკეთებაც გინდა. ვფიქრობ, ზურამ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ ქიშოს "ჭეშმარიტებისა" და ამ სიმღერის ახალი ვერსიის შედარებისას სტანდარტული "ორიგინალი VS ქავერი" ურთიერთმიმართებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს უფრო დიალოგია ერთი სამყაროს შვილებს შორის, რომლებიც დროის სხვადასხვა მარყუჟში არიან გამოკეტილი.

ქიშო ცდილობს, გვიჩვენოს გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე (და არა უბრალოდ ეკლესიამდე) მიგვიყვანს და ამისთვის გვთავაზობს, ვიპოვოთ ის, ვინც უჩვენოდ იწყენს ან სულაც ნერწყვებით გვიმზერს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამართლდება ავტორისთვის ბრუნი 180-ით მისკენ. მეორე "ჭეშმარიტების" კულმინაციურ მომენტში კი შემდეგ სიტყვებს ვისმენთ: "შენ რომ არ მენდო, ეს ის დროა!" და ბედის ირონიით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პასაჟია, რომელიც ამ სიმღერაში გვხვდება. ზურამ არა მხოლოდ ქიშოს კომპოზიციის ტექსტი შეცვალა, არამედ შეეცადა, მისი პათოსი ქიმიური ასფალტითა და ნეონის ცით დაფარული სამყაროსთვის მოერგო. ეს არ არის უბრალოდ ქავერი, ეს მეორე, ახალი ჭეშმარიტებაა.

9. Vinda Folio & Next Dilla - გილგამეში ეძებს

აქ შეიძლება, ყოფილიყო რომელიმე ნახევრად გაუგებარი ციტატა გილგამეშის ეპოსიდან და შემდეგ მისი და კომპოზიციის ტექსტის ერთმანეთთან "კრეატიულად" დაკავშირების უბადრუკი მცდელობა, მაგრამ ეს სიმღერა ამ ყველაფრის გარეშეც მშვენიერია. "კუნფუ ჯანქის" ყოფილმა წევრებმა შეძლეს და აქადური ლეგენდის სახელოვანი გმირი თავიანთი სიმღერის ტრაგიკულ პერსონაჟად აქციეს.

"მიზანი იყო, ჩემებურად მეჩვენებინა ის მსგავსება, რომელიც ყველას გვაქვს ეპოსის გმირებთან. შესაძლოა, ყველა ადამიანი ვერ სჩადიოდეს გმირობას, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანისადმი ან მარადიულისადმი მისწრაფება და ლტოლვა ყველას ერთმანეთს გვამსგავსებს".

ვინდა ფოლიოს მიერ შექმნილი ტექსტისა და მუსიკის მონახაზი წლების განმავლობაში თაროზე იდო მანამ, სანამ ერთ დღეს ზურა არ გამოჩნდა, რომელმაც ამ ისტორიაში საკუთარი თავი იპოვა. თუმცა, ვინდა ხაზს უსვამს იმას, რომ ეს კომპოზიცია "კუნფუ ჯანქის" სამყაროს ნაწილია და არა უბრალოდ ორი არტისტის კოლაბორაცია.

ვინდა და ზურა, 2012. ფოტო: ნაჯა ორაშვილი

ერთი შეხედვით, ისტორიას, რომელსაც სიმღერაში ვისმენთ, ორი პერსონაჟი ჰყავს, რომელთა ისტორიაც პარალელურად ვითარდება. გილგამეში ყვავილებს ეძებს, რომლებიც მას ახალგაზრდობას დაუბრუნებს და ბრძოლით დაღლილი სხეულიდან ერთი ხელის მოსმით გაუქრობს წარსულის კვალს. მეორე გმირი კი, რომელიც პირველ პირში საუბრობს, ცდილობს, უსიყვარულო წლებს გაექცეს და იპოვოს სხეული, რომელიც ჰორიზონტს ჰგავს.

საინტერესო და ირონიული აქ ის არის, რომ ორივე პერსონაჟი საკუთარ მიზანს თითქოს აღწევს, მაგრამ ფაზლის ყველაზე საინტერესო ნაწილი ტექსტის მიღმა რჩება. ზურა გილგამეშის ლეგენდაზე საუბარს სწორედ იმ ადგილზე წყვეტს, რომლის შემდეგაც ირკვევა, რომ ურუქის მეფეს ტბის ფსკერიდან ამოტანილი ყვავილები გველმა მოპარა და გაახალგაზრდავების შესაძლებლობა სამუდამოდ დააკარგვინა. ამის პარალელურად კი, მეორე პერსონაჟი იქ ნამდვილ ყვავილებს იპოვის - ისეთს, რომელსაც არასდროს დაკარგავს.

ტექსტისა და შინაარსის ასეთი ფრაგმენტაცია ზურას მანამდეც და მერეც უცდია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ძალიან საინტერესო თავსატეხთან გვაქვს, რომელსაც ვინდა თავისი მუსიკით ეპიკურ-დრამატული ისტორიებისთვის დამახასიათებელი პათეტიკისგან წარმატებულად იცავს. ამის სანაცვლოდ მარტივ ადამიანურ განცდებსა და ემოციებს ვხვდებით, რომლებიც არც გილგამეშისთვის ყოფილა უცხო. ურუქის მეფისთვის, რომელსაც ტბის პირას დაღლილს სწორედ იმ დროს ჩაეძინა, როდესაც ჩათვალა, რომ მიზანს უკვე მიაღწია.

8. Next Dreamhacker - Non Stop Suicide

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "კუნფუ ჯანქი" იქმნებოდა, ჯგუფმა Circus Closet გოშა ბენიძის ხელმძღვანელობით ალბომი Liquid Sun გამოსცა, რომელშიც ზურას ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კომპოზიცია Non Stop Suicide გვხვდება.

სიმღერის მოსმენისას თვალწინ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სურნელით გაჟღენთილი ოთახი წარმოგიდგება, რომელიც იმდენად ვიწროა, რომ სუნთქვაც კი გიჭირს და სუიციდის ლუპში გამომწყვდეული ადამიანი, რომელიც თვითდესტრუქციის თითოეული წარმატებული მცდელობის შემდეგ, ისევ იქ ჩნდება. მის სამყაროში კათარზისის ადგილი არ არის და მხოლოდ კედელზე ჩამოკიდებული სურათი აიძულებს, დასვას შეკითხვა - შეგვიძლია თუ არა, ოდესმე ისევ გვიყვარდეს?

როგორც ვოკალის, ასევე მუსიკალური სტრუქტურის თვალსაზრისით, ზურას გვიანდელი ნამუშევრები Non Stop Suicide-ისგან პრინციპულად განსხვავდება. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ სიმღერათაგანია, რომელშიც ავტორი მსმენელებს საკუთარი შინაგანი სამყაროს კარს ფართოდ უხსნის და მათ წინაშე ბოლომდე შიშვლდება. ამ კომპოზიციის ჩაწერიდან მცირე დროში მისი ნამუშევრების ენა კეიგენების რთულ სისტემად გადაიქცა, საიდანაც გზის გაგნება თითქმის შეუძლებელია, რისი კარგი მაგალითიც ჩვენს სიაში წარმოდგენილი მომდევნო ტრეკი იქნება.

7. KayaKata - Polo Palace

თუ ვინმეს ჰკითხავთ, რომელია მათი საყვარელი კომპოზიცია "კატების" სადებიუტო ალბომიდან, დიდი შანსია, პასუხი Polo Palace არ იყოს. ასე არც ზურა გიპასუხებდათ, რადგან "სადააში" მისი ფავორიტი კომპოზიციებია Sarbeni და Sufis, მაგრამ... არსებობს დიდი მაგრამ.

Polo Palace ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უმეტესობამ პირველივე მოსმენისთანავე გააცნობიერა, რომ საქმე აქვს ჰიტთან (ამ სიტყვის ყველაზე ვულგარული გაგებითაც კი). უკანასკნელ ათწლეულში მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც რომელიმე ჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე ასე აშკარად იკითხებოდა წარმატება, რომელიც მას მოჰყვებოდა. სანამ ამ მოსაზრების გასაბათილებლად საკუთარ მეხსიერებაში ბოლო პერიოდის წარმატებულ ქართულ სიმღერებს მოქექავდეთ, გახსოვდეთ, რომ Polo Palace არ არის არც პოლიტიკური და არც ღია სოციალური გზავნილებით დატვირთული სიმღერა, რომელიც აუდიტორიის საზოგადოებრივად აქტიური ნაწილის აღგზნებაზეა ფოკუსირებული.

ზურა, საბანაძე და მაქსი. KayaKata-ს ფოტოსესია გამოცემისთვის Forbes Woman Georgia, 2019. ფოტო: ანა ბოკო

"ზურამ მთხოვა, რომ ჩემი წიკების მიუხედავად, მაჟორში დამეწერა რამე, წინასწარ მცოდნოდა, რომ მაჟორი იქნებოდა. დავთანხმდი ამას და ერთი ჩასხდომით, 20-30 წუთში დავწერეთ ამ სიმღერის მელოდია. ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ნამუშევარია ჩემთვის, რომლის შექმნამდეც წინასწარ ვიცოდი, რომ happy-sad ტრეკი უნდა ყოფილიყო", - იხსენებს კომპოზიციის პროდიუსერი Sabanadze.

იმის მიუხედავად, რომ Polo Palace-ში ბევრს, შეიძლება, მაქსის ვერსი უფრო მკაფიოდ ახსოვდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზურა თავისი თაობის საუკეთესო ჰაკერი და "კატების" ლინგვისტური ხაფანგის მთავარი არქიტექტორია. სწორედ მისი ნაშენებია წლების განმავლობაში ის ორიგინალური იდეურ-ენობრივი კონსტრუქცია, რომელიც ზოგჯერ პოეზიის, ზოგჯერ პროზის, ამ შემთხვევაში კი, სასიმღერო ენის სახით მოგვეწოდება.

6. Eva - Endless Party

"ევას" პერიოდი ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ალბათ, იმდენად ცოტას, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ადამიანი ერთმანეთს იცნობს. ამ სიმღერის პირველივე წამებიდან ხვდები, რომ საქმე პანკ როკის გულუბყვილო, ანტიისთებლიშმენტურ განწყობასთან გაქვს. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სწორედ ამ დროს ზურამ უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლას საკუთარი სათქმელის მუსიკის ენით გამოხატვა ამჯობინა. მართალია, წლებთან ერთად მისი შემოქმედებითი ორიენტაცია გაცილებით ლიკვიდური გახდა, მაგრამ კარიერის საწყის ეტაპზეც კი ადვილი შესამჩნევია ფრაზირების ის სტილი, რომელიც დღესაც ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო.

ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ზურას განსაკუთრებული სასიმღერო ხმა აქვს ან აკადემიური განსწავლულობა, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა მსმენელის მიზიდვას, რადგან მისი მთავარი იარაღი ფრაზებს შუა ან მათ მიღმა დამალული შინაარსებია. ზემოთ უკვე ვახსენეთ ის ორიგინალურ იდეურ-ენობრივი კონსტრუქცია, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, მაგრამ, თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა მანამ, სანამ ზურა ამ ყველაფრის შენებას დაიწყებდა, მაშინ "ევას" უნდა მოუსმინოთ. აქ ყველაფერი პირდაპირი, აშკარა და გულწრფელია, ანუ ისეთი, როგორიც ნამდვილ პანკს შეეფერება.

5. Urban Skyz 5iles - Mr. Policeman

"ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ არ არის ეს Eva-ს ვეში, ახალი პროექტია და ქვია Urban SkyZ 5iles. ეს პროექტი იცოცხლებს, როგორც თავისუფალი მოძრავი სისასტიკის თეატრი. ერთადერთი, რისი დაკვრაც უახლოესი ორი წელი მინდა, არის 8 ბიტი და ნინტენდოკორი", - ისევ Kafka (წევრი No.: 18130) და ქართული ფორუმის ძალა.

ზურასა და გრინჩის უამრავ კოლაბორაციულ ნამუშევარს შორის Mr. Policeman ერთ-ერთი დაკარგული ფურცელია, რომელიც, ალბათ, მხოლოდ ისეთ მსმენელს ახსოვს, რომელიც იქ და იმ დროს იყო. ვერ ვიტყოდი, რომ Urban Skyz 5iles ისეთი წარმატებით გამოირჩეოდა, როგორც ამ არტისტების სხვა პროექტები, მაგრამ ეს სიმღერა ძალზე კარგი მედიუმია მათ სამყაროში შესაჭყიტად.

რაც შეეხება თავისუფალ მოძრავ სისასტიკის თეატრსა და ნინტენდოკორს, ამ იდეებს უკვე "კუნფუ ჯანქიმ" მოუსწრო და სწორადაც განავითარა, Mr. Policeman კი ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ტელეღიპუცები და სუპერ მარიო ხვდებიან.

4. ზურმუხტისფერი ბედის ორდენი - პოკაჰონტასს

სანამ გენგები ქუჩის კატების მოვლა-პატრონობას საკუთარ თავზე აიღებდნენ, ისინი ქალაქის გეტოებში სტრატოსფეროს პიქსელებად შლიდნენ. "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" KayaKata-ს პირდაპირი წინაპარი და იდეური საძირკველია, ისტორიებით უფრო ბრჭყალებიანი კატების შესახებ, "პოკაჰონტასს" კი ამ ძალზე საინტერესო კოლაბორაციის ნამდვილი მწვერვალი.

ალბომზე "სადაა" საუბრისას ვახსენე, რომ მაქსისა და ზურას სასიმღერო ენა მუშაობს, როგორც სათაგური ყველის გარეშე. შეიძლება, მისი ყველა წერტილი შეისწავლო და შემდეგ ისე გამოხვიდე, რომ ვერც მიხვდე, სად არის "ჯილდო", რომლის გამოც იქ თავი შეყავი. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ "პოკაჰონტასს" სწორედ ის კომპოზიციაა, რომელშიც ორი არტისტის ყველაზე წარმატებული ლინგვისტური ხაფანგებია დაგებული.

თავად კომპოზიციის ფაქტურა და ჟღერადობა, ალბათ, ამ სიაში წარმოდგენილ ნებისმიერ სხვა ნამუშევარზე უფრო ექსპერიმენტული და არამეგობრულია, თუმცა ეს პრობლემას არ ქმნის. პირიქით, ეს ტრეკი ამ მუსიკოსებისთვის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე განაპირა წერტილია. ახალდასრულებული ომი, საიდანაც ისინი ახალ ომში მოხვდნენ.

3. გული ძგერს Dirty (Prod. by DvaCepe)

დიახ, იუთუბზე ნამდვილად არსებობს სიმღერა ასეთი უცნაური სახელწოდებით. ერთი შეხედვით, "გული ძგერს" ახლოა იმ კომპიუტერულ-მუსიკალურ ექსპერიმენტებთან, რომლებიც გრინჩისთვის იყო დამახასიათებელი, მეორეს მხრივ კი, გვაჩვენებს ზურას, რომელიც რეჩიტატივს კითხულობს ისე, როგორც თუნდაც "ზურმუხტისფერი ბედის ორდენში". თუ ვამბობთ, რომ ეს უკანასკნელი "კაიაკატას" პირდაპირი წინაპარია, მაშინ "გული ძგერს", ალბათ, ის წერტილია, საიდანაც ეს კავშირები დაიწყო.

აგრესიული, სმოგში ჩაფლული საკლუბო გარემოსთვის ზედგამოჭრილი ბიტი ზურას პასიურ-აგრესიული ტონთან საინტერესო სინთეზს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრაზა "გული ძგერს" ბევრისთვის შეიძლება პატრიოტული კონოტაციით იყოს დატვირთული, ამ სიმღერის ირონია კიდევ უფრო ნათელი ხდება. ტექსტს თუ ყურადღებით მოუსმენთ, ვერ იტყვით, რომ დღევანდელი რეალობისთვის თუნდაც ერთი სიტყვა მაინც დაგვიანებული ან არარელევანტურია (გარდა ჯეტ ლისა, რომელიც ვაღიაროთ, რომ აღარავის ახსოვს), რაც ვფიქრობ, ამ ტრეკის მთავარი ღირსებაა.

2. Kung Fu Junkie - Go Boyz!

"კუნფუ ჯანქი" არ არის მხოლოდ მუსიკალური პროექტი. ეს არის ჯგუფი, რომლის მიზანიც პოპ მუსიკაში იმ თემების შემოტანაა, რომლებიც პოპ კულტურისგან გამოყოფილია. თემების, რომლებიც ადრე მხოლოდ ანდერგრაუნდის კუთვნილებად ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანდერგრაუნდიდან პოპ კულტურაში შეპარული პარტიზანები ვართ, რომლებიც პოპ მუსიკაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, მის გამრავალფეროვნებას ვცდილობთ", - აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურა.

გრინჩი, ზურა და ვინდა. Kung Fu Junkie-ის ფოტოსესია გამოცემისთვის ტაბულა Art, 2011. ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

დროის მოკლე მონაკვეთში "კუნფუ ჯანქი" ჰიტების მანქანად იქცა, მაგრამ მათი არცერთი კომპოზიცია არ ყოფილა ისეთი საჭირო და მნიშვნელოვანი, როგორც ქართული გეი ჰიმნი - Go Boyz! ეს სიმღერა, პირველ რიგში, იმ ადამიანების გრძნობებსა და ემოციებს ეძღვნება, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს იყო მილიონი ადამიანით გარშემორტყმული და ამავდროულად სრულიად მარტო. ეს ყველაფერი კი ელექტროპოპის გულუბყვილო ფაქტურაშია მოქცეული და ჟღერს რიტმში, რომელიც თითქოს მხოლოდ იმას გკარნახობს, რომ იცეკვო. იცეკვო ან მოკვდე.

თუ არტისტის შემოქმედებით ტრაექტორიას მივყვებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზურას კარიერის რევოლუციური მომენტი იყო, რის შემდეგაც ძველებურად ვერაფერი გაგრძელდებოდა. არც გაგრძელებულა და თუ მოვლენებს უფრო ფართოდ შევხედავთ, ამ პროექტმა და განსაკუთრებით ამ სიმღერამ აჩვენა, რომ მუსიკის კეთება სხვანაირადაც შეიძლება. ისე, როგორც ქართულ სცენაზე ადრე არასდროს გაკეთებულა. იმავე ინტერვიუს რომ დავესესხოთ, ეს იყო ყველა დაკარგული რასისა და განადგურებული სახეობის, ყველა იმ ადამიანის პოპი, ვისი ადგილიც ქართულ პოპ სივრცეში მანამდე არასდროს ყოფილა.

1. iERAKLA ft. Next Dilla - გათენებას

"ჭეშმარიტების" შემდეგ მალევე გაგვიჩნდა იდეა, რომ კიდევ ერთი, ამჯერად თავიდან ბოლომდე ჩვენივე ტრეკი ჩაგვეწერა, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესმა მთლიანობაში რამდენიმე წელი გასტანა. ზურამ რამდენიმე დემო გამომიგზავნა, რომელთაგანაც ერთი განსაკუთრებით მომეწონა. პრინციპში, დემოც კი არ იყო, უკან მხოლოდ ორი ინსტრუმენტის მარტივი მელოდია, წინა პლანზე კი მისი ღიღინი ისმოდა".

როგორც ირაკლი მაღრაძე იხსენებს, სიმღერის სამუშაო სახელწოდება "კორპუსები" იყო. "ჭეშმარიტების" ჩაწერიდან წლების შემდეგ ის და ზურა ისევ შეიკრიბნენ და თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად სევდიანი კომპოზიცია ჩაწერეს. გამთენიისას ერთი ამოსუნთქვით დაწერილი სიმღერა, ალბათ, ყველაზე ფართოდ გაღებული კარია ზურას შემოქმედებით სამყაროში.

"მე ვარ დილა, ამ უცხო სახლში,
მე ვარ თვითმფრინავის კვალი დილის ცაში.
იასამნისფერ ნისლად მდინარე -
მე ვარ მძინარე…".

გილგამეშისგან განსხვავებით, რომელმაც ძილში თავისი ყველაზე დიდი მონაპოვარი დაკარგა, ზურას ძილი სხვაგვარია. ეს არის ძილი, რომელიც სამყაროს სასტიკი და ულმობელი გამოღვიძებისგან იცავს.

სანამ ეს სტატია იწერება, ზუსტად ვიცი, რომ სადღაც, ვიღაცების კომპიუტერებში ინახება დემოები, ნაწყვეტები ან თითქმის დასრულებული იდეები, რომლებიც ზურას ელიან იმისთვის, რომ საბოლოოდ თქვენს ფლეილისტებსა და ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე დაიმკვიდრონ ადგილი, რომელსაც მასზე საინტერესო პიროვნება ბევრი არ ჰყოლია. არა მუსიკოსი, არა არტისტი, არამედ პიროვნება. უფლის ზარმაცი მონის, მეხუთე თაობის სუფთა სისხლის განგსტერის, კიბერნეტიკული ხილვებითა და მარსივით წითელი სისხლით გამორჩეული ორი გეტოს პრინცის პირდაპირი შთამომავალი.

P.S.

"ბოლომდე" - ირაკლიმ გამანდო, რომ ზურას მიერ გამოგზავნილ დემოებს შორის ერთ-ერთს სწორედ ასე ერქვა. შემდეგ კი დააყოლა: "მე უკვე წელზე მეტია, ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩვენი მესამე ტრეკი. ის კი ისევ გაქრა. ზურა, თუ ამას კითხულობ, გამოჩნდი".

კომენტარები

ბოლოს დამატებული