Thumbnail

პოპულარული მუსიკოსების საფლავები თაყვანისმცემლებისთვის საკრალურ მნიშვნელობას და ხშირად ტურისტული ღირსშესანიშნაობის სტატუსსაც კი იძენს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მათ არაერთი უცნაური და საინტერესო ისტორია უკავშირდება. ჩვენს სტატიაში მათგან 10 ყველაზე გამორჩეულს წარმოგიდგენთ.

► 27 წლის ასაკში გარდაცვლილი 27 მუსიკოსი

► ქვიზი: გამოიცანი, რა გახდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი

ჯიმ მორისონი

ლეგენდარული როკ ბენდის, The Doors-ის ფრონტმენი, ჯიმ მორისონი პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული, სადაც მისთვის პატივის მისაგებად ყოველდღიურად უამრავი თაყვანისმცემელი იყრის თავს. 1991 წელს კი, მუსიკოსის გარდაცვალების ოც წლისთავზე, იქ იმდენი ადამიანი შეიკრიბა, რომ პოლიციას მათი დაშლა ფიზიკური ძალის გამოყენებით მოუხდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

1827 წელს გარდაცვლილი გენიალური გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიკვდილის ზუსტი მიზეზი სპეციალისტებს შორის დღემდე დავის საგნად რჩება. თუმცა, დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ვენაში, ვერინგის რაიონში მისი დაკრძალვის ცერემონიას დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის საფლავთან ვიზიტორთა რიგები თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც არ წყდება.

სერჟ გენსბური

1991 წელს გარდაცვლილი ფრანგი შემსრულებლის, სერჟ გენსბურის საფლავზე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ვიზიტისას კომბოსტოს თავებს ტოვებენ. ამ უცნაურ ტრადიციას სათავე მუსიკოსის  მიერ 1976 წელს გამოცემულმა ალბომმა L'Homme à tête de chou დაუდო, რომლის სახელწოდებაც ქართულად ითარგმნება, როგორც "კომბოსტოსთავიანი ადამიანი".

ჯიმი ჰენდრიქსი

საკულტო ამერიკელი მუსიკოსი, ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წელს გარდაიცვალა. ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად აღიარებული არტისტი მშობლიურ ვაშინგტონში მდებარე გრინვუდის მემორიალურ პარკში დაკრძალეს. ჰენდრიქსის საფლავი მალევე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. შემსრულებლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მას ყოველწლიურად დაახლოებით 14 ათასი ადამიანი სტუმრობს.

ჯონ ბონემი

როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კოლექტივის, Led Zeppelin-ის დრამერი, ჯონ ბონემი 1980 წელს ღებინებით გამოწვეულ ასფიქსიას ემსხვერპლა. მუსიკოსი ინგლისის სოფელ რაშოკში დაკრძალეს. ბონემის საფლავზე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ხშორად იკრიბებიან და სიმბოლურად დასარტყამი ინსტრუმენტის თეფშებსა და ჯოხებს ტოვებენ.

იოზეფ ჰაიდნი

გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორის, იოზეფ ჰაიდნის საფლავში ორი თავის ქალაა მოთავსებული. მუსიკოსის ნეშტის ნაწილი 1820 წელს ფრენოლოგიით გატაცებულმა ორმა პიროვნებამ მოიპარა, რის შემდეგაც პრინც ნიკოლას მეორეს ბრძანებით, სამარხში სხვა ადამიანის თავის ქალა მოათავსეს. მისთვის ხელი არც 1954 წელს, მუსიკოსის ნამდვილი თავის ქალის აღმოჩენის შემდეგ უხლიათ.

მაიკლ ჯექსონი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი, მაიკლ ჯექსონი 2009 წელს მედიკამენტ პროპოფოლის ზედოზირებით გარდაიცვალა, რომლის ინიექციაც არტისტს პირადმა ექიმმა გაუკეთა. პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას მხოლოდ შეერთებულ შტატებში 30 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. მუსიკოსი კალიფორნიაში, ფორესტ ლოუნის მემორიალურ პარკში მდებარე მავზოლეუმშია დასაფლავებული.

ფრენკ სინატრა

1998 წელს გარდაცვლილ ფრენკ სინატრას ქალიშვილმა საფლავში ათცენტიანები ჩააყოლა, რასაც საინტერესო ისტორია ედო საფუძვლად. 1963 წელს მუსიკოსის ვაჟი გაიტაცეს, კრიმინალებთან სატელეფონო ჯიხურიდან წარმოებული მოლაპარაკებისას კი სინატრას მონეტები გაუთავდა. საბოლოოდ ფრენკს შვილი უვნებლად დაუბრუნდა, თუმცა ხურდის თან ტარების ჩვევა სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა.

მაილს დევისი

ამერიკელი ჯაზ შემსრულებელი, მაილს დევისი 1991 წელს ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. ლეგენდარული მუსიკოსი ნიუ იორკში მდებარე ვუდლოუნის სასაფლაოზე დაკრძალეს. არტისტის მემორიალურ დაფაზე მისი კომპოზიციის Solar ნაწყვეტის სანოტო ჩანაწერია გამოსახული. ჩანაწერი, რომელიც პირველად 1954 წლის ალბომში Walkin' გაჟღერდა, თანამედროვე ჯაზ სტანდარტად ითვლება.  

იენ კერტისი

მანჩესტერული პოსტ პანკ კოლექტივის, Joy Division-ის ფრონტმენმა, იენ კერტისმა 1980 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მუსიკოსის ფერფლი ქალაქ მეკლსფილდშია დამარხული, საფლავს კი Love Will Tear Us Apart, ბენდის პოპულარული კომპოზიციის სახელწოდება აწერია. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მემორიალური ქვა უცნობმა პირებმა მოიპარეს და ახლა ის ახლითაა ჩანაცვლებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული