Thumbnail

ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეთერთმეტედ უთხრეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელმა, მარკ ჩეპმენმა შეწყალების კომისიას გათავისუფლების თხოვნით მეთერთმეტედ მიმართა, რაზეც უარი კიდევ ერთხელ მიიღო. 65 წლის მამაკაცი სასჯელს უკვე 38 წელია იხდის. ნიუ იორკის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულების Wende Correctional Facility ადმინისტრაციის განცხადებით, ჩეპმენი კომისიის წევრების წინაშე 19 აგვისტოს წარდგა, გასაუბრების შემდეგ კი პატიმარს შეწყალებაზე უარი ეთქვა. მომავალი სხდომა 2022 წლის აგვისტოშია ჩანიშნული.

რინგო სტარმა ჯონ ლენონის მკვლელობის დღე გაიხსენა

მარკ ჩეპმენის ცოლი: ვიცოდი, რომ მარკი ლენონის მკვლელობას გეგმავდა

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩეპმენი 40 წლის ჯონ ლენონს მანჰეტენზე, საცხოვრებელთან დახვდა და ავტოგრაფი სთხოვა. მუსიკოსი დასთანხმდა და ალბომზე Double Fantas მოუწერა ხელი. რამდენიმე საათში სახლთან დაბრუნებულ ლენონს ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა. ამის შემდეგ ის ტროტუარზე ჩამოჯდა და ჯერომ სელინჯერის რომანის "თამაში ჭვავის ყანაში" კითხვა დაიწყო. ადგილზე მისული სამართალდამცველებისთვის მამაკაცს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლენონი საავადმყოფოში მიყვანისას, ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. "ბითლზის" ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მუსიკოსი მარკ ჩეპმენს ავტოგრაფს აძლევს

როგორც ჩეპმენმა ორი წლის წინ განაცხადა, ჩადენილი დანაშაულის გამო "უფრო და უფრო რცხვენია".

"რეალობას ვიყავი მოწყვეტილი. მახსოვს, გავიფიქრე - ხომ გაქვს ალბომი, ნახე, მან ავტოგრაფიც დაგიტოვა, ახლა სახლში წადი-მეთქი. მაგრამ არ არსებობდა, ასე უბრალოდ წავსულიყავი სახლში", - განუცხადა ჩეპმენმა შეწყალების კომისიას 2018 წელს.

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ყოფილმა წევრმა, ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული