Thumbnail

უიქენდი: My Dear Melancholy-ს გამოშვების შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა კანადელმა მუსიკოსმა, აბელ მაკონენ ტესფაიემ, ფსევდონიმით The Weeknd, ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში 2018 წელს გამოშვებულ, 6 კომპოზიციისგან შემდგარ EP-ზე სახელწოდებით My Dear Melancholy ისაუბრა, რომელშიც დაშორებაზე, გულის ტკენასა და იმედგაცრუებაზე მღერის. ჩანაწერი ამერიკელ პოპვარსკვლავ სელენა გომესთან დაშორებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა. ნამუშევარმა უიქენდის თაყვანისმცემლებში გააჩინა მოსაზრება, რომ მასში შესული სიმღერები სწორედ სელენას და მის კიდევ ერთ ყოფილ შეყვარებულს, ტოპ მოდელ ბელა ჰადიდს ეძღვნებოდათ.

ნახეთ: Juice WRLD და The Weeknd ანიმაციურ კლიპში Smile

ნახეთ: The Weeknd კლიპს Snowchild ავრცელებს

ახალ ინტერვიუში უიქენდმა აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერით გადმოსცა ყველაფერი, რისი თქმაც მაშინ სურდა.

"ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც ნამუშევარი მოკლე გამოვიდა, არის ის, რომ მეტი არაფერი მქონდა სათქმელი. ეს, უბრალოდ, კათარზისი იყო. დიახ, ის მოკლეა, რადგან იმ სიტუაციაზე მეტს ვერაფერს ვიტყოდი. გამოშვების შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი - ნამდვილად არ მესიამოვნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო", - ამბობს მუსიკოსი.

ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რის, ან ვის შესახებ იყო ჩანაწერი, მომღერალმა უპასუხა - "უკომენტაროდ".

სელენა და უიქენდი ერთმანეთს 2017 წლის იანვარიდან ხვდებოდნენ. ამავე წლის ოქტომბერში წყვილი დაშორდა. ამის შემდეგ მათ ყოფილ შეყვარებულებთან განაახლეს ურთიერთობა - გოგონა კანადელ პოპვარსკვლავს, ჯასტინ ბიბერს შეურიგდა, აბელი კი კვლავ ბელა ჰადიდთან ერთად გამოჩნდა. თუმცა, არცერთი მათგანის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

The Weeknd-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. მიმდინარე წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული