Thumbnail

ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებში დაშიფრული 5 საიდუმლო

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

იცით თუ არა, რომ პოპულარული კომპოზიტორების ნაწარმოებებში არაერთი მინიშნება თუ საიდუმლოა დაფარული? როგორც წესი, მათი გაშიფრვა პარტიტურის სპეციფიკური გზით წაკითხვის ან ნამუშევრის ზედმიწევნითი თეორიული ანალიზის გზითაა შესაძლებელი, რაც კლასიკური მუსიკის კორიფეების პოლიტიკური შეხედულებებისა თუ პირადი ცხოვრების შესახებ არაერთ საინტერესო დეტალს ჰფენს ნათელს.

ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთი ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებებში დამალული საიდუმლო მინიშნებების შესახებ მოგითხრობთ.

5. დიმიტრი შოსტაკოვიჩი

1948 წელს საბჭოთა კავშირში ე.წ. ფორმალისტი კომპოზიტორების დევნის პროცესი დაიწყო. ამ სახელით იმ ხელოვანებს მოიხსენიებდნენ, რომელთა შემოქმედებაშიც სოციალისტური რეალიზმის ნაცვლად დასავლური ავანგარდის ელემენტები შეიმჩნეოდა. იდეოლოგიურ ტერორს ბიძგი ვანო მურადელის ოპერის "დიადი მეგობრობა" პრემიერამ მისცა, რომელმაც სტალინის უკმაყოფილება გამოიწვია. მცირე ხანში კი შავ სიაში ათობით მუსიკოსი აღმოჩნდა. განსაკუთრებულ აგრესიას ცენზორები დიმიტრი შოსტაკოვიჩის მიმართ იჩენდნენ - რუსი კომპოზიტორის თითოეული ნაწარმოები დეტალურ შემოწმებას გადიოდა, მისი ყოველი ნაბიჯი კი მკაცრად კონტროლდებოდა.

შოსტაკოვიჩი იძულებული იყო, საბჭოური კონიუნქტურისთვის ანგარიში გაეწია, თუმცა საკუთარი შეხედულებების ნაწარმოებებში ფარულად ასახვას მაინც ახერხებდა. ასე მაგალითად, წითელი არმიისთვის მიძღვნილ მეცხრე სიმფონიაში ალაგ-ალაგ სატირული პასაჟებია შეპარული, ხოლო ჩელოსთვის დაწერილ პირველ კონცერტში სტალინის საყვარელი სიმღერის, "სულიკოს" დეკონსტრუირებულ მელოდიას ვაწყდებით.

კომპოზიტორი განსაკუთრებული სიხშირით მოტივს რე-მი ბემოლი-დო-სი იყენებდა, რაც გერმანულ ნოტაციაში მისავე ინიციალებს D-S-C-H (Dmitri SCHostakowitsch) ქმნიდა. მუსიკოსის ბიოგრაფთა მოსაზრებით, ამ ხერხით ის მსმენელებს მიანიშნებდა, რომ სისტემის მხრიდან ტერორის მიუხედავად, ეს ნაწარმოებები პირველ რიგში მას ეკუთვნოდა და სხვას არავის.

4. იოჰანეს ბრამსი

იოჰანეს ბრამსი კლასიკური მუსიკის ისტორიაში იმდენად მასშტაბურ ფიგურად მოიაზრება, რომ მას ხშირად ბახისა და ბეთჰოვენის გვერდითაც კი მოიხსენიებენ. ლეგენდარული ხელოვანი მეგობრების წრეში უიმედო რომანტიკოსად მიიჩნეოდა. 21 წლის ასაკში გენიალურ პიანისტთან და კომპოზიტორთან, კლარა შუმანთან ურთიერთობის გაბმის მცდელობაში მას თოთხმეტწლიანმა ასაკობრივმა სხვაობამაც ვერ შეუშალა ხელი. გასაკვირი არაა, რომ კლასიკურ მუსიკაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულმა პრაქტიკამ, ამა თუ იმ ნაწარმოებში საყვარელი ადამიანის სახელის გარკვეული ფორმით კოდირებამ მის შემოქმედებაშიც იჩინა თავი.

1858 წელს კომპოზიტორმა ქალაქ გიოტინგენში ადგილობრივი ექიმის ქალიშვილი, აგატა ფონ სიბოლდი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. მის მეორე სიმებიან სექსტეტში გამოყენებული ერთ-ერთი მოტივის (ლა-სოლ-ლა-სი-მი) გერმანული სანოტო ნომენკლატურა A-G-A-H-E სწორედ აგატას სახელთან (Agathe) მიახლოებულ ბგერათშეთანხმებას ქმნის.

ბრამსისა და აგატას ურთიერთობა მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ შედგა. სიბოლდმა 1868 წელს სხვა მამაკაცზე იქორწინა, კომპოზიტორის მიერ გამოგზავნილი წერილები გაანადგურა და მისი მანუსკრიპტები საჩუქრებად დაარიგა. იოჰანესი კი ცხოვრების ბოლომდე დაუოჯახებელი დარჩა. ერთხელ პირად საუბარში მან ისიც კი გაამხილა, რომ აგატა მისი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული იყო.

3. იოჰან სებასტიან ბახი

იოჰან სებასტიან ბახს საკუთარ ნაწარმოებებში მინიშნებების დამალვა ძალზე უყვარდა.მის შემოქმედებაში განსაკუთრებით ხშირად მოტივი სი ბემოლი-ლა-დო-სი შეინიშნება, რაც გერმანული სანოტო ნომენკლატურით კომპოზიტორის გვარის ასოებს B A C H ქმნის. თუმცა, გაცილებით საინტერესო ეპოქალური მუსიკოსის მიერ 1747 წელს შექმნილ ნაწარმოებში "მუსიკალური ძღვენი" ჩადებული მინიშნებაა.

ნამუშევრის იდეა პრუსიის მეფეს, ფრიდრიხ მეორეს ეკუთვნოდა, რომელმაც ბახს კომპლექსური მუსიკალური თემის პარტიტურა გადასცა და მასზე დაყრდნობით ფუგის დაწერა დაავალა. წინასიტყვაობის თანახმად, "მუსიკალური ძღვენი" ფრიდრიხის პატივსაცემად შეიქმნა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი მონარქის მიმართ სრულიად სხვა დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ნაწარმოების ის სექცია, რომელიც მეფის განდიდებას ეძღვნება, ხაზგასმით მინორულია. ერთ-ერთი მონაკვეთისთვის წამძღვარებულ ეპიგრამაში ვკითხულობთ: "დაე, ისე იმატოს მეფის კეთილდღეობამ, როგორც ამ ნოტების მოდულაციამ", თუმცა მოდულაცია მხოლოდ ერთი ოქტავით იზრდება.

ამ ანტიპათიას საფუძვლად რამდენიმე მიზეზი ედო. ბახი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო, ფრიდრიხი კი ათეისტი და თავაშვებული ჰედონისტი, თანაც მათი შეხედულებები მუსიკის შესახებ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ კომპოზიტორს მეფე გულზე დიდად არ ეხატებოდა.

2. ალბან ბერგი

1885 წელს დაბადებული ალბან ბერგი მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ითვლება. ავსტრიელი კომპოზიტორის შემოქმედებას უნიკალურს ავანგარდისთვის ჩვეული დისონანსურობისა და რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის სინთეზი ხდიდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ეფექტურად სწორედ იმ ნაწარმოებში აისახა, რომელიც ჩვენს სტატიაში მასში დაფარული მინიშნების წყალობით აღმოჩნდა. საუბარია ბერგის მიერ 1926 წელს შექმნილ ლირიკულ სიუიტაზე, რომელიც ავტორმა თავისი მასწავლებლის, ლეგენდარული არნოლდ შონბერგის მიერ შემუშავებულ დოდეკაფონიურ (12-ტონიანი) სისტემაზე დააფუძნა.

ლირიკული სიუიტა ოფიციალურად კომპოზიტორ ალექსანდერ ფონ ცემლინსკის მიეძღვნა, რომლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი მელოდიაც ბერგმა ნამუშევარში გამოიყენა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნაწარმოების რეალური ადრესატი სავსებით სხვა პიროვნება იყო.

ბერგს იმჟამად ცნობილი მწერლის, ფრანც ვერფელის დასთან, სხვა მამაკაცთან ქორწინებაში მყოფ ჰანა ფუხსთან საიდუმლო რომანი ჰქონდა. (1976 წელს აღმოაჩინეს მიმოწერა, რომელსაც წყვილი გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ადორნოს დახმარებით აწარმოებდა). ლირიკულ სიუიტაში გაჟღერებული ერთ-ერთი მოტივი (ლა-სი ბემოლი-სი-ფა) გერმანულ სანოტო ნომენკლატურაში სწორედ ბერგისა და ფუხსის ინიციალებს A-B-H-F ქმნის.

1. ედვარდ ელგარი

1857 წელს დაბადებული ედვარდ ელგარი საკუთარი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი კომპოზიტორი იყო, რომლის შემოქმედებაც იგორ სტრავინსკის, იენ სიბელიუსის, რიხარდ შტრაუსისა და ბევრი სხვა მისი გამოჩენილი კოლეგის აღფრთოვანებას იმსახურებდა. საინტერესოა, რომ ელგარის ნამუშევრებიდან გამორჩეული აღიარება სწორედ იმ ნაწარმოებმა მოიპოვა, რომელიც კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის დღემდე თავსატეხად რჩება.

კომპოზიტორის მიერ 1898-99 წლებში შექმნილი ციკლი "ენიგმა - ვარიაციები" მსოფლიოს წამყვანმა სიმფონიურმა ორკესტრებმა არაერთხელ შეასრულეს, მისი ესა თუ ის მონაკვეთი კი ათობით გახმაურებული მხატვრული ფილმისა თუ ტელესერიალის საუნდტრეკად იქცა. ნაწარმოების შექმნის იდეა ელგარს ერთი დამღლელი დღის შემდეგ, ფორტეპიანოზე იმპროვიზებისას შემთხვევით დაებადა. 14 ვარიაციიდან თითოეული ავტორის ახლობელი ადამიანების პიროვნული თვისებებით იყო შთაგონებული, მათი ცალკეული ელემენტები კი ერთ დიდ დამოუკიდებელ მუსიკალურ თემას ქმნიდა. ამ მელოდიის აღმოსაჩენად საჭირო მინიშნებები კომპოზიტორმა რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა შემოთავაზებული ვერსიებიდან არცერთის ჭეშმარიტება დაუდასტურებია და საიდუმლოც საფლავში ჩაიყოლა.

თავსატეხის ამოხსნის მცდელობები დღემდე გრძელდება. მუსიკათმცოდნეებმა სხვადასხვა დროს ათობით მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი თეორია წარმოადგინეს, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ უცნობად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული