Thumbnail

ნახეთ: კატები, რომლებსაც ფრედი მერკური შვილებივით უვლიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ფრედი მერკურის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ უყვარდა მათ კერპს კატები. პირველი ორი მათგანი, ტომი და ჯერი 1970-იან წლებში მას მაშინდელმა შეყვარებულმა, მერი ოსტინმა აჩუქა, რის შემდეგაც ფრედიმ ახალი ბინადრები - ოსკარი, ტიფანი, დოროთი, დილაილა, გოლიათი, მიკო, რომეო და ლილია ცხოველთა თავშესაფრებიდან აიყვანა. მათ შორის იყო დაწესებულება Blue Cross, სადაც დაავადებულ ცხოველებს იფარებდნენ. მერკური საყვარელ კატებს მუდმივად ანებივრებდა და ისინი ყოველთვის გვერდით ჰყავდა, ხოლო როცა ტურნეში იყო, სახლში რეკავდა და ითხოვდა, ცხოველები ყურმილთან ახლოს მიეყვანათ, რათა მათი ხმა გაეგონა.

ნახეთ: ფრედი მერკურის უკანასკნელი ფოტოები

"კატებს შვილებივით უვლიდა. მის არყოფნაში თუ რომელიმეს რაიმე დაუშავდებოდა, ფრედის რისხვას ვერ გადაურჩებოდი. დღის განმავლობაში ისინი სახლსა და ეზოში საკუთარ ნებაზე იყვნენ მიშვებული, ღამით კი მე ან ფრედი ვეძებდით და შინ შეგვყავდა", - წერს მუსიკოსის უკანასკნელი პარტნიორი, ჯიმ ჰატონი თავის ბიოგრაფიულ წიგნში Mercury and Me.

აღსანიშნავია, რომ საყვარელი კატების უკვდავსაყოფად მერკურიმ მხატვარ ენ ორტმენს თითოეული მათგანის პორტრეტის შექმნა დაუკვეთა.

ფრედიმ ამ ცხოველისადმი სიყვარული "ქუინთან" ერთად გადაღებულ უკანასკნელ ვიდეროგოლშიც გამოხატა, როცა კოლექტივის მეთოთხმეტე ალბომში Innuendo შესული კომპოზიციის These Are the Days of Our Lives კლიპის გადასაღებ მოედანზე თავისი მეგობრის, დონალდ მაკენზის მიერ შექმნილი ჟილეტი მოირგო კატების გამოსახულებით.

აღსანიშნავია, რომ ალბომის Innuendo სიმღერაში Delilah არტისტი თავის საყვარელ კატას, დილაილას უმღერის. სოლო ალბომზე Mr. Bad Guy საუბრისას კი ფრედიმ განაცხადა, რომ ეს ნამუშევარი მთლიანად კატებსა და მათ მოყვარულებს მიუძღვნა.

"ალბომი ჩემს კატას, ჯერის ეძღვნება, ასევე, ტომს, ოსკარს, ტიფანისა და კატების მოყვარულებს მთელს სამყაროში. დანარჩენებს კი, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ", - ამბობდა მუსიკოსი.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული