Thumbnail

კიმ კარდაშიანი Master P-ის ძმის, რეპერ C-Murder-ის ციხიდან დახსნას შეეცდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურადაა ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, 16 წლის სტივ ტომასის მკვლელობისთვის გასამართლებული ლუიზიანელი რეპერის, კორი მილერის, ფსევდონიმით C-Murder, ციხიდან გათავისუფლებას ცდილობს. არტისტს, რომელიც სახელოვანი მუსიკოსის, Master P-ის ძმაა, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

სიმღერა, რომლის გამოშვებაც კიმ კარდაშიანმა ინანა

კიმ კარდაშიანი ქანიე ვესთის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კიმი, რომლის ძალისხმევითაც აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე არაერთმა მსჯავრდებულმა დატოვა, რეპერის ყოფილ შეყვარებულს, არენბი შემსრულებელ Monica-სა და სხვა ადამიანებს შეუერთდა, რომლებიც C-Murder-ის ციხიდან დასახსნელად აქტიურად იბრძვიან. ტელევარსკვლავმა ტვიტების სერიით იმ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი შეფასებით, მუსიკოსის სასჯელის გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებენ.

"2002 წლის 18 იანვარს ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მეორე დღეს ამ საქმეზე კორი მილერი დააკავეს. 12-დან ათმა ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ ცნო, რის შემდეგაც მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. დღეს რომ გამართულიყო ეს სასამართლო პროცესი, ნაფიც მსაჯულთა ერთსულოვანი გადაწყვეტილების გარეშე მას დამნაშავედ ვერ გამოაცხადებებდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ მოწმეებმა მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები უარყვეს, საქმეში კი ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა, რომლებიც მის შესაძლო უდანაშაულობას ადასტურებდნენ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაფიც მსაჯულებს მილერის წინააღმდეგ ხმის მიცემას აიძულებდნენ. სტივ ტომასის ოჯახის გამო ძალიან შემტკივა გული. ჩემი მიზანი მათი ჭრილობის განახლება არ არის, უბრალოდ, მინდა ამ ტრაგედიის მიღმა არსებული სიმართლე გამოირკვეს", - დაწერა კიმმა ტვიტერზე.

16 წლის მოზარდი ლუიზიანას შტატში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. საქმეზე გასამართლებული მუსიკოსის ადვოკატმა განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ. 2018 წელს ორმა მოწმემ, რომლებმაც მანამდე საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, განაცხადეს, რომ მათზე პოლიცია და პროკურატურა ახდენდა ზეწოლას. როგორც გამოცემა Bet წერს, 2019 წლის იანვარში მოსამართლე სტივენ ენრაითმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აღნიშნული მოწმეები ნდობას არ იმსახურებდნენ. მან მსჯავრდებულის თხოვნა საქმის ხელახალი წარმოების დაწყებაზე არ დააკმაყოფილა. რეპერი სასჯელს ლუიზიანას შტატის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

C-Murder-მა პოპულარობა 90-იან წლებში მისი ძმის, Master P-ის ლეიბლის No Limit Records მიერ ჩამოყალიბებული სუპერჯგუფის TRU წევრობით მოიპოვა. ამას გარდა, ის სოლო ალბომებსაც ავრცელებდა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარს Life or Death კომერციული წარმატება ხვდა წილად. ჩანაწერი Billboard 200-ისა და არენბი/ჰიპ ჰოპ ჩარტებში მესამე და პირველ პოზიციებზე მოხვდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული