Thumbnail

პლასტიკური ქირურგი აფასებს, რა პროცედურები აქვს ჩატარებული ბიონსეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსზე მდებარე პლასტიკური ქირურგიის ცენტრის Barrett Plastic Surgery დამაარსებელი, ექიმი დენიელ ბარეტი პლატფორმა TikTok-ზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს ძველი და ახალი ფოტოების შედარების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, რომელი კოსმეტიკური პროცედურები შეიძლება, ჰქონდეს ჩატარებული 38 წლის მუსიკოსს.

მოუსმინეთ: Beyoncé - Black Parade

ექიმის შეფასებით, შესაძლოა, არტისტმა რინოპლასტიკის საშუალებით ცხვირი შეითხელა, სახეზე ნაოჭების შესანიღბად კი ფილერი და ბოტოქსი გამოიყენა.

"შეუძლებელია, რომ რინოპლასტიკის გარეშე ამ ცხვირიდან ეს მიიღო. ასევე, ვფიქრობ, რომ მან სახეზე ბოტოქსისა და ფილერის შეყვანის პროცედურებსაც მიმართა", - ამბობს ქირურგი ბიონსეს სურათების შედარებისას.

ბარეტის აზრით, შემსრულებელს მკერდიც აქვს გადიდებული. მან საზოგადოების ნაწილში არსებულ მოსაზრებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც მომღერალმა ლიპოსაქციასაც მიმართა.

"ბიონსეს მკერდზე ნამდვილად აქვს გაკეთებული რაღაც პროცედურა. შეუძლებელია, რომ ასეთი მრგვალი ფორმები მიიღო იმპლანტის ჩასმის გარეშე. ასევე, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას ლიპოსაქციაც აქვს გაკეთებული. ზოგი კი თვლის, რომ მისი ფორმების ცვლილება ვეგანური ცხოვრების წესს უკავშირდება. არ ვიცი, ამაზე დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ექიმმა.

ბიონსეს საჯაროდ არასდროს უსაუბრია, მიუმართავს თუ არა ესთეტიკური მედიცინისთვის. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს გაუზიარა, როგორ მოახერხა Coachella-ს პერფორმანსისთვის ფორმაში ჩადგომა. 22-დღიანმა დიეტამ, რომელსაც მაშინ არტისტმა გაუწია რეკომენდაცია, ბრიტანელი დიეტოლოგების კრიტიკა დაიმსახურა.

ბრიტანელი დიეტოლოგების აზრით, Beyoncé-ს დიეტა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 24 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული