Thumbnail

ნახეთ: კატა პატრონის ყურადღების მისაპყრობად პიანინოზე უკრავს

ვინსლოუ, 7 წლის კატა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიიდან პატრონთან კომუნიკაციის დასამყარებლად პიანინოზე უკრავს. მას შემდეგ, რაც პროფესიით მუსიკოსმა, ქეით ნიქსმა შინაური ცხოველის ამსახველი ვიდეო თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, ოთხფეხა პიანისტმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 

ქეითმა რვა თვის კნუტი თავის უკანა ეზოში მაშინ იპოვა, როდესაც ის ძაღლის თავდასხმას იგერიებდა. პატარა პიანინომ, რომელიც მან ვინსლოუს აყვანამდე შეიძინა, სახლის ახალი ბინადარი თავიდანვე მიიზიდა. მას აინტერესებდა, საიდან მოდიოდა ინსტრუმენტის მიერ გამოცემული ხმა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შინაური ცხოველის ცნობისმოყვარეობა როგორც მისთვის, ასევე პატრონისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

ვინსლოუ საკვებსა და ქვიშის გამოცვლას ყოველთვის ხმამაღალი კნავილით ითხოვდა. ხმაურით შეწუხებულმა ნიქსმა გადაწყვიტა, კატისთვის ყურადღების მიპყრობის ახალი გზა შეეთავაზებინა და მას პიანინოს კლავიშებზე თათის დატყმა ასწავლა. დროთა განმავლობაში კი იმასაც შეაჩვია, რომ ეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაეკეთებინა. შედეგად, ყოველ ჯერზე, როდესაც ვინსლოუს შიმშილი აწუხებს, ქვიშის გამოცვლა სჭირდება ან უბრალოდ ყურადღებას ითხოვს, ის პიანინოსთან მიდის და პატრონის მოსახმობად დაკვრას იწყებს. 

თავს დამტყდარი პოპულარობის შემდეგ, ვინსლოუმ და ქეით ნიქსმა მიღწეულით დაკმაყოფილება არ მოისურვეს და ბედი მუსიკალურ ინდუსტრიაშიც სცადეს. მიმდინარე წლის 7 აგვისტოს მათი სადებიუტო სინგლი Bean Gotta Scream გამოვიდა, რომელზეც სახალისო ვიდეოც გადაიღეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული