Thumbnail

სასამართლომ Genius-ის სარჩელი Google-ის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული მედიაპლატფორმა Genius-ის სარჩელი კომპანია Google-ის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ჯენიუსი გუგლს თავიანთი ვებგვერდიდან კომპოზიციების ტექსტების მოპარვაში ადანაშაულებდა. როგორც მოსამართლე მარგო ბროდიმ განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯენიუსს თავად არ აქვს ტრეკების ტექსტების გამოქვეყნებაზე ექსკლუზიური საავტორო უფლება. აქედან გამომდინარე საჩივარი აბსურდულია.

"ჩივილის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვისაც ექსკლუზიურად ეკუთვნის ნამუშევრებზე საავტორო უფლებები. ჯენიუსი კი მათ არ ფლობს", - წერია სასამართლოს დადგენილებაში.

ჯენიუსის საჩივრის თანახმად, საძიებო სისტემაში სხვადასხვა სიმღერის ძებნისას ნაჩვენები ტექსტები გუგლსა და მის პარტნიორ LyricFind-ს სწორედ მათგან აქვთ წაღებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ მორზეს ანბანის გამოყენებით, სიმბოლოების საშუალებით ტექსტებში სიტყვები Red Handed ჩამალეს და სწორედ ამის საშუალებით დარწმუნდნენ, რომ გუგლში ნაჩვენები მასალა მათგან იყო მოპარული. Genius არაეთიკური საქციელისა და მიღებული ზარალის გამო კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდა.

ციფრული პლატფორმა Genius, რომელიც 2009 წელს დაარსდა, მომხმარებლებს სიმღერების ტექსტებს, ანოტაციებს, ახალ ამბებს, სტატიებსა და ინტერვიუებს სთავაზობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული