ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენი, ფრედი მერკური პუბლიკის წინაშე უკანასკნელად 1990 წელს ლონდონში Brit Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მკვეთრად იყო გაუარესებული. ამის შემდეგ ის სულ უფრო იშვიათად ტოვებდა კენსინგტონის რეზიდენციას, სიცოცხლის ბოლო თვეებს კი ძირითადად საწოლში ატარებდა. ერთ-ერთი გამონაკლისი იყო 1991 წლის 28 აგვისტო, როცა ფრედიმ თავი დამოუკიდებლად მოიწესრიგა და ბაღშიც დახმარების გარეშე ჩავიდა, სადაც პარტნიორი, ჯიმ ჰატონი ეგულებოდა.
► ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე
სწორედ ამ დღეს არის გადაღებული თაყვანისმცემლებისთვის კარგად ცნობილი ფრედის უკანასკნელი ფოტოები.
"იმ ზაფხულს ფრედიმ კამერის წინ უკანასკნელად იპოზიორა - ეს ჩემი ფოტოაპარატი იყო. ბაღში ყვავილებს ვუღებდი სურათებს, როცა ის მომიახლოვდა. ობიექტივი გავასწორე, მან კი უკან დაიხია, რომ ახლო კადრი არ გამოსულიყო. რამდენიმე ფოტო გადავუღე, ყველა მათგანში მოახერხა გაღიმება. იცოდა, რომ საუკეთესო ფორმაში არ იყო - ფერმკრთალი და ძალაგამოცლილი. მისი სურათებიდან სწორედ ესენი მიყვარს ყველაზე მეტად", - ციტირებს ჯიმის სიტყვებს ინსტაგრამ გვერდი freddiemercuryclub.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი, უკანასკნელი სურათი, რომელზეც მუსიკოსია აღბეჭდილი, ამავე წლის 3 სექტემბერს პაპარაცის მიერ გადაღებული კადრია. ფოტოზე ფრედი საკუთარი სახლის მახლობლად არის აღბეჭდილი.
მუსიკოსი 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. მან სიკვდილამდე ერთი დღით ადრე საჯაროდ, განცხადებით გაამხილა საკუთარი დიაგნოზი.
ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.
კომენტარები