Thumbnail
ფოტო: GQ

პოლ მაკკარტნიმ ახალ ინტერვიუში განმარტა, რატომ უჩივლა The Beatles-ს სასამართლოში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის მოღვაწეობის ბოლო წლებში კოლექტივში არსებული დაძაბულობა საზოგადოებისთვის სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ბენდის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, რომ 1970 წლის დეკემბერში პოლ მაკკარტნიმ "ბითლზსა" და მის ლეიბლ Apple Records-ს სასამართლოში უჩივლა კიდეც. ამის მიზეზი 78 წლის მუსიკოსმა ბრიტანულ GQ-სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში განმარტა.

მიკ ჯაგერის ვარაუდი, თუ რატომ ვერ გაუგეს ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ ერთმანეთს

პოლ მაკკარტნის სიმღერა, რომელიც რადიოსადგურებმა დაბლოკეს

პოლ მაკკარტნი: ჯონი ხვდებოდა, სიმღერით How Do You Sleep? როგორ ტკივილს მომაყენებდა

პოლის თქმით, კოლექტივის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, ბენდის დაშლის შემდეგ მას არ სურდა, რომ ჯგუფის ექსკლუზიურ ბიზნესმენეჯერად ლეიბლ ABKCO Records-ის დამფუძნებელი, ალან კლეინი დანიშნულიყო.

"მიმაჩნდა, რომ ერთადერთი გზა "ბითლზის" და Apple Records-ის გადასარჩენად - რათა მომავალში პიტერ ჯექსონს დოკუმენტური ფილმი Get Back შეექმნა, გამოგვეშვა კომპილაციური ნამუშევრების სერია Anthology თუ სხვა განახლებული ჩანაწერები - ჯგუფის წინააღმდეგ ჩივილში იყო. ამას თუ არ გავაკეთებდი, ყველაფერი ალენ კლეინს დარჩებოდა.

ვთქვი, კლეინს ვუჩივლებ-მეთქი, მაგრამ, როგორც მითხრეს, ამის გაკეთება არ შემეძლო, რადგანაც ის დავის მონაწილე მხარე არ იყო. მოგიწევს "ბითლზს" უჩივლოო. ვერ დავუშვებდი, ყველაფერი, რაზეც მთელი ცხოვრება ვიშრომე, ფერფლად ქცეულიყო. ჩემი საქციელით კოლექტივის დანარჩენ წევრებსაც დავეხმარებოდი", - ამბობს პოლი გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში.

პოლ მაკკარტნი

მაკკარტნი სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებში ბენდის დაშლის სამ მიზეზს უთითებდა. პირველი პუნქტის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ "ბითლზი" აღარ მართავდა პერფორმანსებს, პოლი ვეღარ ხედავდა მათი პარტნიორობის საფუძველს; მეორე - ალენ კლეინის მენეჯერად დასახელება იყო; ბოლოს კი მაკკარტნი აცხადებდა, რომ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კლეინი კოლექტივთან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობდა, მას არასდროს ჰქონია წვდომა კოლექტივის ლეიბლის აუდიტის ანგარიშებზე.

"ისინი ყველაზე ახლო მეგობრებიდან ყველაზე დიდ მტრებად იქცნენ. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ამ ჯგუფში მოვხვდი, აქ გავიზარდე. ეს იყო ჩემი სკოლაც, ოჯახიც და მთელი ცხოვრებაც. ვცდილობდი, მათგან ჩუმად წავსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ან კლეინისთვის უნდა გადამეცა ყველაფერი, რაც ბავშვობიდან მოყოლებული შევქმენით, ან სასამართლოსთვის უნდა მიმემართა", - წერდა პოლი სარჩელში.

ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი 1970 წელს

1971 წელს სასამართლომ მაკკარტნის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, "ბითლზის" ფინანსები მოსამართლის მიერ არჩეულ გარეშე პირს ჩაბარდებოდა მანამ, სანამ კოლექტივის წევრები დაშლის შემდეგ შემოსავლის განაწილების მისაღებ გზებზე არ შეთანხმდებოდნენ.

"ვფიქრობ, კოლექტივის დაშლის შემდეგ საზოგადოებაში შექმნილი შეხედულება, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მცდარი იყო. ახლა ვაანალიზებ - ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ჩვენ ნამდვილი ოჯახივით ვიყავით. ოჯახში კი კამათი და უთანხმოება გასაკვირი არ არის, რადგან ადამიანების სურვილები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა", - აღნიშნა მაკკარტნიმ GQ-სთან საუბრისას.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული