Thumbnail

7 ნამუშევარი, რომელიც მუსიკოსებმა ორიგინალურად დააანონსეს

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

არცთუ იშვიათად, პოპულარული არტისტები ახალი ჩანაწერების ტრადიციული გზებით დაანონსებას არ სჯერდებიან და გაცილებით მახვილგონივრულ ხერხებს მიმართავენ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მათი ეს ძალისხმევა ფუჭად არ იკარგება და ნამუშევრების პოპულარობაზეც საგრძნობ გავლენას ახდენს.

ჩვენს სტატიაში სწორედ მუსიკოსების მიერ თავიანთი ახალი ჩანაწერების ორიგინალურად დაანონსების შვიდ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

7. Wolf Alice - Visions of Life (2017)

ბრიტანულმა ინდი როკ ბენდმა Wolf Alice მეორე სტუდიური ალბომის Visions of Life გამოცემამდე თაყვანისმცემლებს საფოსტო ბარათები გაუგზავნა. თითოეულზე ერთ მხარეს ჯგუფის ვოკალისტის, ელი როუსელის მიერ გადაღებული ფოტოები იყო გამოსახული, მეორეზე კი უცნაური ფრაზები, რომლებიც საბოლოოდ ახალი ტრეკების სახელწოდებები და ნამუშევრის ლირიკიდან აღებული სტრიქონები აღმოჩნდა.

6. Kasabian - 48:13 (2014)

2014 წლის 14 აპრილს ჯგუფ Kasabian-ის წევრები, სერჯიო პიზორნო და ტომ მეიგანი ლონდონში თავიანთი მეგობრის კუთვნილ მაღაზიას მიადგნენ, რომლის ერთ-ერთი კედელიც ვარდისფრად გადაღებეს და ზედ 48:13 დააწერეს. ეს სთენსილი კოლექტივის ამავე სახელწოდების მქონე მეხუთე სტუდიურ ალბომზე მიანიშნებდა. რაც შეეხება რიცხვების მნიშვნელობას - ჩანაწერის ქრონომეტრაჟი ზუსტად ორმოცდარვა წუთსა და ცამეტ წამს უდრის.

5. Aphex Twin - Syro (2014)

რიჩარდ დევიდ ჯეიმსს, იგივე Aphex Twin-ს თავისი ახალი ნამუშევრები ორიგინალური გზით არაერთხელ დაუანონსებია. ელექტრონული მუსიკის ლეგენდამ მეექვსე სტუდიური ალბომის Syro გამოცემამდე მცირე ხნით ადრე ლონდონის ცაზე საკუთარი ლოგოთი დამშვენებული საჰაერო ბურთი გაუშვა, ჩანაწერის სახელწოდებისა და ტრეკლისტის შესახებ ინფორმაცია კი მხოლოდ დარქ ვებისთვის განკუთვილი სპეციალური ბრაუზერით, Tor-ით იყო ხელმისაწვდომი.

4. Marilyn Manson - We Know Where You Fucking Live (2017)

2017 წელს მერილინ მენსონის ფსევდონიმით ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა, ბრაიან ჰიუ უორნერმა ახალი ნამუშევრის დასაანონსებლად სწორედ ისეთ გზას მიაგნო, როგორიც მის კონტროვერსიულ იმიჯს შეეფერებოდა. მუსიკოსმა თავის 25 ათას მსმენელს მეილზე მათივე საცხოვრებელი სახლების ამსახველი ვიდეომასალა გადაუგზავნა, რაც სინგლის We Know Where You Fucking Live (ინგ: ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობ) სახელწოდებაზე მინიშნებას წარმოადგენდა.

3. Depeche Mode - Personal Jesus (1989)

სინგლის Personal Jesus გამოშვებამდე ბრიტანულმა კოლექტივმა Depeche Mode ადგილობრივ გაზეთებში სარეკლამო განცხადება განათავსა, რომელიც მხოლოდ ოთხ სიტყვას - Your Own Personal Jesus შეიცავდა. მცირე ხანში, მას ტელეფონის ნომერიც დაემატა, რომელზე დარეკვის შემდეგაც ბენდის თაყვანისმცემლებს ახალი ჩანაწერის მოსმენა შეეძლოთ. ამ მარკეტინგულმა სვლამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეპოქალური კომპოზიციის მიერ მოპოვებულ წარმატებაში.

2. Arcade Fire - Reflektor (2013)

2013 წელს მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში კედლებსა თუ ქვაფენილებზე ერთნაირი სთენსილები გამოჩნდა, რომლებზეც უცნაური სიმბოლო და სიტყვა Reflektor იყო გამოსახული. ეს ყველაფერი კანადური კოლექტივის Arcade Fire მეოთხე სტუდიური ალბომის სარეკლამო კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მედიამ გამოყენებული მეთოდის გამო მუსიკოსები ვანდალიზმში დაადანაშაულა.

1. Boards of Canada - Tomorrow's Harvest (2013)

2013 წელს ელექტრონულმა დუეტმა Boards of Canada დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ მაღაზიებში ექვსი ფირფიტა მიმოფანტა, რომელთაგან თითოეულზე ჩაწერილი ხმა ექვსციფრიან კომბინაციას ასახელებდა. მსმენელებმა დღემდე მხოლოდ ოთხი ვინილის პოვნა შეძლეს, თუმცა თავის დროზე ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჯგუფის საიტზე ატვირთულ, დაშიფრულ ვიდეორგოლზე წვდომა მოეპოვებინათ და მათი ახალი ალბომის Tomorrow's Harvest ანონსი ეხილათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული